ყოველკვირეული ბლოგი Europetime-ზე
ცხვირი
ტრადიციულად, მაისი ვნებების თვეა საქართველოში: პოლიტიკური თუ სამოქალაქო ჯგუფების მიერ დაანონსებული აქციები და სანახაობები; „სიმართლისთვის მებრძოლთა“ ალტრუისტული თუ დაფინანსებული ჯგუფები; ფანატიზმი მუშტების ქნევით თუ ტროლ-ბოტების კომენტარებით; ნიჰილიზმი ხელის ჩაქნევით თუ ეკლესიასტეული რიტორიკით...
მუშტის ქნევის უფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი ცხვირი - ასე დაგვიბარეს იმ მოაზროვნეებმა, ვის იდეებზეც აშენდა თანამედროვე სახელმწიფოები. ამასვე ამბობს ეროვნული კონსტიტუცია. რა კარგია მარტივი და სხარტი დეფინიციები, მაგრამ მოდი და გამოიცანი, სად იწყება სხვისი ცხვირი და სადამდე წვდება სხვისი მუშტი; სად მთავრდება თავდაცვის ინსტინქტი და სად იწყება კანონის დამრღვევი ძალადობა.
პოლიტიკურ ფილოსოფიაში „ბუნებით მდგომარეობას“ უწოდებენ ადამიანთა ცხოვრებას სახელმწიფოებისა და რელიგიების, ანუ საზოგადოებრივი წეს-წყობილების წარმოშობამდე. როგორი იყო ადამიანი „ბუნებით“ მდგომარეობაში? მემარცხენეების აზრით, კეთილი და გულუბრყვილო, საერთო საკუთრების იდეის მიმდევარი; მემარჯვენეების აზრით, კერძო საკუთრების დაცვის ინსტინქტით დაბადებული; რეალისტების აზრით, თვითგადარჩენის მძაფრი სურვილით და „ყველას ომი ყველას წინააღმდეგ“დაუსრულებელ პროცესში ჩაბმული... ყველა ეს იდეა და ფილოსოფიური წიაღსვლა ემსახურება სახელმწიფოსა და ინდივიდის ურთიერთმიმართების ანალიზს. ყველა ეს იდეა ინტელექტუალურ გართობად და ტვინის ბურღვად ეჩვენება იმ ადამიანებს, ვისაც მარტივი და პრაგმატული კითხვები აქვს დღეს და ამ წუთში - როგორ დაიცვას საკუთარი ცხვირი?
სახელმწიფოების წარმოშობამ დაასრულა ბუნებითი მდგომარეობის ჯუნგლების კანონები და შექმნა ლეგიტიმური ადათ-წესები. თანამედროვე სახელმწიფოს კიდევ უფრო მეტი ფუნქცია და პასუხისმგებლობა აქვს ქვეყნისა და მოქალაქეების წინაშე - დაიცვას ქვეყნის უსაფრთხოება და მოქალაქის უფლებები; ყველა სამოქალაქო ჯგუფს მისცეს ინტერესების გამოხატვის შესაძლებლობა და შეძლებისდაგვარად, ყველა ინტერესი გაითვალისწინოს კანონების შექმნის პროცესში; არ დაუშვას ჯგუფებს შორის ძალადობა და სამოქალაქო შუღლი... მოქალაქესაც აქვს პასუხისმგებლობა - პატივი სცეს სახელმწიფოს და სახელმწიფოს ინტერესს; აღიაროს, რომ სახელმწიფო ერთადერთი სუბიქტია, რომელსაც აქვს „კანონიერი ძალადობის უფლება“, ძალადობის სხვა ყველა მცდელობა კი უკანონოა და შესაბამისად, ამორალური. რა კარგია და მარტივი პოლიტიკურ-სამართლებრივი დიდაქტიკა, მაგრამ მოდი და გამოიცანი: სად იწყება და მთავრდება სახელმწიფო ინტერესი? სად რჩება სივრცე ინდივიდისთვის? რომელი ჯგუფის აქტივიზმია კანონიერი ანუ მორალური? კანონიერება არის კი ყოველთვის მორალური? სად გადის ზღვარი ადამიანს, რელიგიასა და სახელმწიფოს შორის? ჩვენი ყოველდღიური, ყოფითი ინსტინქტი დროს არ გვიტოვებს ამ შეკითხვებზე დასაფიქრებლად და სრულად ამარტივებს ამ ჩახლართულობას - მაცდურად გვიწვევს ვიღაცის გრძელი ცხვირი სახესთან ახლოს და გვინდა, ძალიან გვინდა ჩავცხოთ მუშტი ერთხელ ან მრავალგზის...
***
სამოქალაქო თუ პოლიტიკური პროტესტი მხოლოდ მაშინ იქნება სასარგებლო და შედეგიანი, თუ ის აპროტესტებს მოვლენების სახელმწიფო ინტერესთან შეუსაბამობას; ითხოვს სოციალური პრობლემების ეტაპობრივ გადაწყვეტას; გვთავაზობს ეროვნული ერთიანობის შექმნის მოდელს; თუ ის თანმიმდევრული და ალტრუისტულია; თუ კანონიერი მექანიზმებით იბრძვის კანონიერი მექანიზმების სრულყოფისათვის... თუ ჯერ კიდევ არ შევთანხმებულვართ, რა არის ჩვენი ინტერესი, საითკენ გვინდა წავიდეთ აწმყოსა თუ მომავალში, როგორი სახელმწიფო გვეოცნებება საკუთარი შვილებისთვის, მაშინ ყველა აქტივიზმი ცხვირების და მუშტების დილემაა, ინტელექტუალური თუ ფსევდოინტელექტუალური გულისა და ენის ფხანით... თუ ყველას საკუთარი სიმართლე, მორალი, კანონი და პატრიოტიზმი გვაქვს, ვერასდროს გავხდებით მართლები, მორალურები და პატრიოტები... ჩემი საბჭოთა ბავშვობიდან, ლიტერატურული ჟურნალების გაყვითლებულ გვერდებზე რომ ვეძებდით ინტელექტუალურ საკენკს, რამოდენიმე მოთხრობა ჩამრჩა მეხსიერებაში. მათ შორის, ჯონ სტეინბეკის „ამბავი კაცთა და თაგვთა“ - ცხოვრებისეული დილემების შემაძრწუნებელი აპოგეა. სტეინბეკის სიმაღლეებს ვერც მე შევწვდები და ვერც თქვენ, და ამიტომაც გადავწყვიტე დავკმაყოფილდე ბაბლური სხარტულით - „ქართული ამბავი ცხვირთა და მუშტთა“...
***
კარგი ტრადიცია აქვთ იაპონიაში - გასაბერი თოჯინები აგრესიისგან დასაცლელად, ურტყი რამდენიც გინდა, და შემდეგ ღიმილით გააგრძელე შრომა და ჯაფა... მშვენიერი ბიზნეს იდეაა პანდემიაში - შექმენით ვინმე მადლიანმა გასაბერი, ქართულად კეხიანი ნესტოებდაბერილი გრძელი ცხვირები და არ მოგაკლდებათ მყიდველი თუ გულშემატკივარი... ზოგი საკუთარი უფროსის სახელს დაარქმევს, ყოველ დღე რომ დასცინის მის შრომით უფლებებს; ზოგი მეზობლის, ხმაურით და გინებით რომ ურღვევს მუშაობის და ძილის რიტმს; ზოგს ოჯახის წევრი გაახსენდება პირველ რიგში; ზოგს მოკეთე და მყვარებელი; ზოგს ის პრივილეგირებული ავტორიტეტები, ჩვენი ცხოვრების „ჩვენდა სასიკეთოდ“ განკარგვას რომ იჩემებენ; ზოგს თვითმმართველობის კლერკები, ონლაინ მუშაობის დროს მშვიდი სინდისით შუქს რომ გიქრობენ; ზოგს პოლიტიკური პარტიის ლიდერები თუ სამოქალაქო აქტივისტები... მე უკვე ვიცი, ვის სახელს დავარქმევ... არა, უფრო სწორად, ვის სახელებს... არა, არ მყოფნის ეს ერთი ცხვირი... და თქვენ რამდენი დაგჭირდებათ?