დღეს საკოორდინაციო საბჭო გადაადგილების შეზღუდვის შესაძლო შემსუბუქებაზე იმსჯელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გადაადგილების შეზღუდვის შესაძლო შემსუბუქებაზე საკოორდინაციო საბჭო დღეს იმსჯელებს.

„მთავრობის სხდომის შემდეგ გვექნება საკოორდინაციო საბჭოს სხდომა. რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებით ეპიდსიტუაციას, ჯანდაცვის სამინისტროს სისტემა ეფექტურად მართავს ვითარებას. მოგეხსენებათ, ზაფხულის დადგომასთან ერთად, ტურისტების ნაკადიც იზრდება ქვეყანაში. მნიშვნელოვანია, მთავრობამ ადეკვატურად უპასუხოს ტურისტების შემოდინებას საქართველოში. ბევრი ჩივილი გვესმის იმასთან დაკავშირებით, რომ გადაადგილების შეზღუდვა არის შემაწუხებელი. ჩვენ ამის თაობაზე ვიმსჯელებთ, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს იმის მიხედვით, როგორი რეკომენდაციები იქნება ჯანდაცვის სამინისტროდან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.