შსს დმანისში დაპირისპირებულ მოქალაქეებს მოუწოდებს დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და შეინარჩუნონ სიმშვიდე

შინაგან საქმეთა სამინისტროში დმანისში დაპირისპირებულ მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და დაიცვან კანონის მოთხოვნები.

,,შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, დმანისში შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები და შეინარჩუნონ სიმშვიდე. პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და რეაგირებას მოახდენს კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 16 მაისს, დმანისში, ყოფით ნიადაგზე ადგილობრივები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რაც გადაიზარდა ჯგუფურ ძალადობაში. პოლიციის მიერ იდენტიფიცირებულია დაპირისპირებაში მონაწილე პირების ვინაობა, გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.დმანისში დაპირისპირების განმეორების პრევენციის და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებული არიან და საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ.შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს დაპირისპირებულ მხარეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და შეინარჩუნონ სიმშვიდე, რათა ხელი არ შეეწყოს ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის ხელოვნურად ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაზრდას", - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ დმანისში, სადაც გუშინ ერთ-ერთ მაღაზიასთან ინციდენტი მოხდა, ახლაც დაძაბული ვითარებაა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ადგილობრივი მოსახლეობა აქციას მართავდა. ისინი გუშინ მომხდარს აპროტესტებდნენ, რა დროსაც ახალგაზრდების ორი ჯგუფი ერთმანეთს დღესაც დაუპირისპირდა.

როგორც ცნობილია, დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

დმანისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვები დილიდან განახლდა. გამოძიებამ უკვე ამოიღო კამერების ჩანაწერები, რომელიც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირებას ასახავს.

ცნობისთვის, ინციდენტი დმანისში, ერთ-ერთ მაღაზიასთან მოხდა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. სცემეს მაღაზიის მეპატრონეს და განადგურებულია სავაჭრო ობიექტის ინფრასტრუქტურა. ერთ-ერთი მაღაზიის სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჯოხებით შეიარაღებული ახალგაზრდები ერთმანეთს სცემენ. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.