აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ სრულად ვაქცინირებული ადამიანები კორონავირუსისთვის დაბრკოლებად იქცნენ. ამის შესახებ მან CBS-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ვაქცინაციით მოქალაქეებს წვლილი შეაქვთ საზოგადოების ჯანდაცვასა და ვირუსის გავრცელების პრევენციაში.
ფაუჩიმ განმარტა, რომ სრულად ვაქცინირებულ პირებს, თუნდაც ვირუსის უსიმპტომო მატარებლები იყვნენ, შეუძლიათ პირბადე არ ატარონ, რადგან ვირუსის დონე მათ ცხვირ-ხახაში გაცილებით დაბალია, ვიდრე არავაქცინირებულ პირებში.
„მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინირებული პირების ინფიცირება ფიქსირდება, ისინი ვირუსის უსიმპტომო მატარებლები არიან და ვირუსის დონე მათში იმდენად დაბალია, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მისი გადაცემა მოხდეს“, - განაცხადა მან.
ფაუჩის თქმითვე, ვაქცინირებული ადამიანები ვირუსისთვის ერთგვარ ჩიხს წარმოადგენენ.
,,ვაქცინაციის დროს, თქვენ არამარტო იცავთ თქვენს ჯანმრთელობას, ოჯახის ჯანმრთელობას, არამედ საზოგადოების ჯანმრთელობას უწყობთ ხელს ვირუსის გავრცელების თავიდან აცილებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ ხდებით ვირუსის ჩიხი, როდესაც გარშემო ბევრი ჩიხია. ვირუსი არსად წავა, თუმცა საზოგადოებაში ინფიცირების დონე საგრძნობლად შემცირდება", - განაცხადა აშშ-ს მთავარმა ეპიდემიოლოგმა.