გადაადგილების შეზღუდვა შემსუბუქდა. შეზღუდვა იმოქმედებს 23:00 საათიდან 05:00 საათმდე. აქამდე ეს შეზღუდვა 21:00-დან მოქმედებდა. გადაწყვეტილება დღეიდან არის ძალაში.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, გამკაცრდება რეგულაციის აღსრულების ადმინისტრირება, რაც ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვა ამოქმედდება ზუსტად 23:00 საათზე.
„ეპიდემიოლოგიური ტენდენციების დეტალური ანალიზის საფუძველზე, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, შეზღუდვის შემსუბუქების თაობაზე. აქვე, მივმართავთ მოქალაქეებს, გაითვალისწინონ, რომ გამკაცრდება რეგულაციის აღსრულების ადმინისტრირება, რაც ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვა ამოქმედდება ზუსტად 23:00 საათზე; ამავდროულად, განვმარტავთ, რომ ძალაში რჩება ყველა ის გადაადგილების უფლება, რომელიც მოქმედებდა 21:00-05:00 საათამდე პერიოდში, ანუ თავიდან მათ არ დასჭირდებათ ამ უფლების მოპოვება“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.