Deutche Welle-ს ინფორმაციით, გერმანიამ, საკუთარ საზღვაო წყლებში, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ გაზსადენის მშენებლობის გაგრძელების ნებართვა გასცა.
როგორც გამოცემა წერს, მშენებლობა გარემოს დაცვითი ორგანიზაციების მიერ სასამართლოში შეტანილი სარჩელის შედეგად იყო შეჩერებული, თუმცა ახლა, ნებართვა საზღვაო ნავიგაციისა და ჰიდროგრაფიის ფედერალურმა სამსახურმა (BSH) გასცა.
აღსანიშნავია, რომ გაცემული ნებართვის მიხედვით, კონსორციუმს, მაისის თვეში გერმანიის საზღვაო წყლების ორკილომეტრიან მონაკვეთზე შეეძლება მილების მშენებლობა.
ორკილომეტრიანი მონაკვეთი, სადაც გაზსადენის მილები უნდა განთავსდეს, გერმანიის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში მდებარეობს.
გაზსადენის მშენებლობას, გერმანიის ბუნების დაცვისა და ბიომრავალფეროვნების კავშირი და ორგანიზაცია Deutsche Umwelthilfe ეწინააღმდეგებიან, რომელთაც კონსორციუმის წინააღმდეგ სარჩელი ჰქონდათ შეტანილი ჰამბურგის სასამართლოში, თუმცა სასამართლომ მათი სარჩელი არ დააკმაყოფილა.
„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის სამუშაოების 95 პროცენტი უკვე შესრულებულია. პროექტის წინააღმდეგ აქტიურად გამოდიან აშშ, უკრაინა და ბალტიის ქვეყნები, რომლებიც ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე რუსეთის გავლენის გაზრდის საშიშროებას ხედავენ. გერმანიის მთავრობა კი, პროექტს მხარს უჭერს.