საქართველოს საელჩო საბერძნეთში: 20 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით, ამ დროისთვის, საქართველოს მოქალაქე დაკავებული არ არის

20 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით, ამ დროისთვის, საქართველოს მოქალაქე დაკავებული არ არის, - ამის შესახებ განცხადებას საბერძნეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

"საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს საელჩო ათენში გაცნობებთ, რომ ატიკის პოლიციის გენერალური დეპარტამენტის ინფორმაციით, 20 წლის ახალგაზრდა ქალის მკვლელობის ბრალდებით, ამ დროისთვის, საქართველოს არცერთი მოქალაქე დაკავებული არ არის", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

საბერძნეთის პოლიცია ღლიკა ნერაში ახალგაზრდა გოგოს გახმაურებული მკვლელობის საქმის გამოძიებას აგრძელებს. საბერძნეთის პოლიციის განცხადებით, დანაშაულის ადგილზე ნაპოვნია არაერთი კვალი, მათ შორის, დნმ-ის. რაც ნიშნავს, რომ დამნაშავეებმა არაერთი შეცდომა დაუშვეს და კვალი ვერ დამალეს. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ეჭვმიტანილი იყო აღნიშნულ დანაშაულში და რომელიც სამართალდამცავებმა დააკავეს ევროსის საზღვარზე ყალბი პასპორტით ქვეყნის დატოვების მცდელობის დროს, უკანასკნელი ინფორმაციით ირკვევა, რომ მას მომხდარ ფაქტთან კავშირი არ ჰქონია, -აღნიშნულ ინფორმაციას საბერძნეთის მედიაზე დაყრდნობით, საელჩო ავრცელებს.

ცნობისთვის , 20 წლის ბრიტანელი, ქეროლაინ ქრაუჩი რამდენიმე დღის წინ, გლიკა ნერაში, ყაჩაღობისას გაგუდეს. მომხდარის მოწმე ქალის ქმარია. მისი თქმით, მკვლელობისას დედის გვერდით 11 თვის ბავშვიც იყო.

გამოძიების ვარაუდით, ძარცვაში კრიმინალური დაჯგუფების 5 წევრი მონაწილეობდა. სახლში შეპარვამდე მათ შენობასთან დაყენებული სათვალთვალო კამერები დააზიანეს და ძაღლი მოკლეს, რომელიც პატრონის დაცვას ცდილობდა.