დმანისში დამატებითი საპოლიციო ძალები, მათ შორის წყლის ჭავლის მანქანა შეიყვანეს

დმანისში დამატებითი საპოლიციო ძალები, მათ შორის წყლის ჭავლის მანქანა შეიყვანეს.

სანამ შერიგება მოხდებოდა, საშიშროება იყო და აქედან გამომდინარე, მაინც გადავწყვიტეთ, რომ დამატებით გამოგვეყვანა წყლის ჭავლის მანქანა , - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დმანისში, დაპირისპირებულ მხარეებს შორის შერიგების შემდეგ განაცხადა.

მან ასევე ინციდენტის თაობაზე საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს განცხადებაც შეაფასა, რომელიც მოითხოვს, დამნაშავე ცნონ ინდივიდუალურად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

„გამოძიება მიმდინარეობს, ამას არ წყვეტს არც აზერბაიჯანის საელჩო, არც ვახტანგ გომელაური, ამას წყვეტს კანონი და გამოძიება. აქედან გამომდინარე, ვინც გამოიკვეთება, დაისჯებიან“, - განაცხადა გომელაურმა.

მან ასევე განმარტა, რომ ადგილზე საკმაოდ რთული ვითარება იყო.

„ძალიან რთული სიტუაცია იყო. ეს არ არის ქალაქი, სოფელია, სადაც ელემენტარულად რომ ჩაიკეტა გზა, ღობეებზე გადახტნენ, ნაკვეთებში, შემოაუარეს სხვა სახლებს და იქედან გამოვიდნენ, რთული სიტუაცია იყო, მაშინ ძალიან დიდი მასა უნდა ყოფილიყო მობილიზებული (პოლიციის).

გუშინ განიმუხტა სიტუაცია და ხალხი დაკითხვაზე გადაიყვანეს. ეს ადამიანები დილით შეიკრიბნენ, თავიდან ცოტა რაოდენობა იყო, 200 კაცამდე იყო პოლიცია მობილიზებული. გაშლილი იყო სხვადასხვა ლოკაციებზე, აქედან გამომდინარე, გზა გადაიკეტა“, - განაცხადა გომელაურმა.