დმანისში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ჯერ არავინ დაუკავებიათ, - ამის შესახებ შსს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
„დაკავებული არცერთი ადამიანი არ არის, გამოკითხვაზე იმყოფებიან. გამოკითხავენ და გამოვუშვებთ, თუმცა, გამოძიება დაწყებულია და მიდის გამოძიება, რამდენი ადამიანი იქნება მომავალში დაკავებული, არ ვიცით ჯერ. ამ წამს, დღეს, დაკავებული არავინ იქნება, იქნება გამოკითხული და გამოშვებული, გამოვიძიებთ.
რაც შეეხება ინციდენტს, რომელიც ქვემოთ მოხდა, 5-6 ლოკაციაზე იყო პოლიციელები განაწილებული, სამწუხაროდ, არა დმანისიდან ჩასულები, არამედ, ზოგი თბილისიდან, რუსთავიდან და სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული ადამიანები იყვნენ, სადაც დაიძაბა სიტუაცია და იქ შეხლა-შემოხლა მოხდა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მინისტრის თქმით, დმანისში საპოლიციო ძალები მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან.
ამასთან შს მინისტრმა განმარტა, რომ კონფლიქტი ამოწურულია და მხარეები შერიგდნენ.
„რაც შეეხება თვითონ თემას, ინციდენტი დღეს ამოიწურა, შეხვდა ორივე მხარე, შერიგდნენ, იმედია, აღარ გაგრძელდება.
ჩვენ პოლიციურ ძალებს ვტოვებთ რაღაც მასშტაბით, დამატებითი ძალები დარჩებიან რა თქმა უნდა და იქნება კონტროლი. ასპროცენტიანი ვერავინ იტყვის, ხვალ რა მოხდება, შეიძლება დმანისში არ მოხდეს და სამეგრელოში მოხდეს, ვერ გაიგებ თემას ნამდვილად.
მაქსიმალურად ვცდილობთ კონფლიქტი ამოიწუროს, ყველა ჩართული იყო, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა საპატრიარქოს, ჩამობრძანებული იყო მამა ანდრია ჯაღმაიძე, მამა კირიონი, ასევე მეუფეები იყვნენ ჩართულები, დიდი მადლობა მათ“, - განაცხადა გომელაურმა.
მინისტრის განცხადებით, დმანისში მომხდარი დაპირისპირებისას მძიმედ არავინ დაშავებულა.
„როგორც ვიცი, არიან დაშავებულები. მადლობა ღმერთს, რომ არც მოქალაქეების მხრიდან და არც პოლიციელების მხრიდან, მძიმე დაშავებული ჯერჯერობით, როგორც ინფორმაცია გვაქვს, არავინ არის, პატარ-პატარა დაზიანებები აქვთ და მადლობა ღმერთს, რომ მართლა ამით გადავრჩით“, - განაცხადა გომელაურმა.
შს მინისტრის განცხადებით, არ შეიძლება კონფლიქტის ისე მიწოდება, თითქოს ქვეყანა ინგრევა, ამ დროს იმის 10 % არ იყო.
„როდესაც ასეთი რამ ხდება, ეს არ არის მარტო მმართველი გუნდის, სახელმწიფოს, პოლიციის, ან ადგილობრივი დეპუტატების გადასაწყვეტი და სანერვიულო.
სამწუხაროდ, ადამიანები, ტელევიზიები პირიქით აშუქებდნენ, თითქოს, აი, უბედურება ხდება ხალხო, დროზე ეთნიკურად აზერბაიჯანელებს კლავენ, ან პირიქით ეთნიკური აზერბაიჯანელები კლავენ ქართველებს.
სამწუხაროდ, ასეთი რამ ხდებოდა ზოგ ტელევიზიაში. ეს არ უნდა ხდებოდეს, ყველა ქართველები ვართ, ეთნიკურად აზერბაიჯანელები ჩვენი მოქალაქეები, ძმები არიან. არ შეიძლება კონფლიქტის ისე მიწოდება, თითქოს ქვეყანა ინგრევა, ამ დროს იმის 10 % არ იყო“,- აღნიშნა გომელაურმა.