თბილისში, ხანძრის დროს დაშავებული ქალი გარდაიცვალა

თბილისში, პეკინის გამზირზე ხანძრის დროს დაშავებული ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ქალი მეექვსე სართულზე ცხოვრობდა. როგორც მედიასთან საუბარში თვითმხილველებმა განაცხადეს, სავარაუდოდ, ის აივნიდან გადავარდა, ან პანიკის გამო გადმოხტა.

ხეჩინაშვილის კლინიკაში, სადაც დაშავებული გადაიყვანეს, აცხადებენ, რომ მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა.

პეკინის 41 ნომერში ერთ-ერთი 14 სართულიანი კორპუსის მე-6 სართულზე გაჩენილი ხანძარი, ამ დროისთვის სრულად ლოკალიზებულია. ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან 300 მოსახლის ევაკუაცია განხორციელდა. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. დაწყებულია გამოძიება.