რეიჩელ რიზო: რუსეთი ვერ წყვეტს და ვერც ვერასდროს გადაწყვეტს საქართველოს NATO-ში გაწევრიანების საკითხს

"რუსეთი ვერ წყვეტს და ვერც ვერასდროს გადაწყვეტს საქართველოს NATO-ში გაწევრიანების საკითხს", - ამის შესახებ "ახალი ამერიკული უსაფრთხოების" მკვლევარმა, რეიჩელ რიზომ "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა.

"ვფიქრობ საქართველოსა და უკრაინისთვის დემოკრატიული რეფორმების გატარება და იმ საკითხებზე მუშაობის გაგრძელება, რომელიც ხელს უშლის ამ რეფორმებს, არის გზა NATO-სკენ. როგორც NATO-ს გენერალურმა მდივანმა თქვა, NATO-ს კარი ღიად რჩება. ქვეყნები, რომლებიც წყვეტენ იმას, თუ ვინ შეუერთდება ალიანსს, თავად არიან თავად NATO-ს წევრები. რუსეთს არ აქვს იმის გადაწყვეტის უფლება, თუ ვინ შეუერთდება NATO-ს და ამის უფლება არც არასდროს ექნება", - განაცხადა რიზომ.

როგორც რიზომ აღნიშნა, ფიქრობს, რომ 2021 წლის 14 ივნისს, NATO-ს სამიტზე ალიანსის წევრები უკრაინას წევრობის სამოქმედო გეგმას არ მისცემენ.

"არ ვფიქრობ, რომ ამ სამიტზე, ალიანსის წევრები უკრაინას წევრობის სამოქმედო გეგმას მისცემენ. თუმცა, ვფიქრობ, რომ რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო, არა მარტო 2014 წელს, არამედ მას შემდეგაც, განსაკუთრებით გასულ თვეში, ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ ალიანსის წევრები ძალიან სერიოზულად განიხილავენ როგორ გააღრმავონ თანამშრომლობა უკრაინასთან, როგორ წარმოუდგენიათ მომავალი ნაბიჯები. ასევე მოველი, რომ გენერალური მდივანი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ NATO-ს კარი ღიაა. ვფიქრობ, საქართველოც ძალიან ახლოს უნდა დააკვირდეს მიმდინარე მოვლენებს", -აღნიშნა რიზომ.

რიზოს თქმით, 2008 და 2014 წლების შემდეგ, რუსეთი განსაკუთრებით აგრესიული გახდა. მისი თქმით, NATO-ს წევრობისთვის საქართველო და უკრაინა აკეთებს ზუსტად იმას, რაც მათ სთხოვეს.

"ბუქარესტის სამიტზე დაიწყო საქართველოსა და უკრაინის ალიანში მიღების თემაზე საუბარი. ვფიქრობ, რომ NATO-ს წევრი ქვეყნების უმრავლესობა იტყვის, რომ საქართველოს და უკრაინას კიდევ ბევრი აქვთ გასაკეთებელი დემოკრატიული რეფორმების კუთხით, მაგრამ ისინი ამ გზას ადგანან, სწორ ნაბიჯებს დგამენ, რეფორმებზე მუშაობენ და NATO-სთან, ამერიკასთან და ევროპელ მოკავშირეებთან მჭიდროდ თანამშრომლობენ.

მე ვიტყოდი, რომ ეს ორი ქვეყანა აკეთებს ზუსტად იმას, რაც მათ სთოხვეს რომ გაეკეთებინათ, ისინი სწორად მოქმედებენ და ამ გზით უნდა განაგრძონ სიარული", - აღნიშნა რეიჩელ რიზომ.

როგორც რეიჩელ რიზომ ინტერვიუში აღნიშნა, ჩრდილოეთ მაკედონიისა და მონტენეგროს NATO-ში გაწევრიანება კრემლისთვის სასიამოვნო არ იყო, ასე იქნება საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების შემთხვევაშიც.

"ჩვენ ვნახეთ, რომ ორი ქვეყანა, ჩრდილოეთ მაკედონია და მონტენეგრო NATO-ს წევრი გახდა. ასე რომ, NATO დგამს ნაბიჯებს, რომლითაც გვაჩვენებს, რომ რუსეთს არ აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება იმასთან დაკავშირებით ვინ შეუერთდება ალიანსს. ვეჭვობ, ამ ორი ქვეყნის მიღება, არ იყო ამბავი, რომელიც კარგად მიიღეს კრემლში. დიდი ალბათობით, საქართველოსა და უკრაინის ამბავსაც ასე მიიღებენ. თუმცა, იმავდროულად, ესაა გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ მოკავშირეებმა და NATO-მ უნდა მიიღონ. და მხოლოდ საქართველოს და უკრაინაზეა დამოკიდებული გაწვერიანებისთვის საჭირო დემოკრატიული რეფორმების გატარება. როგორც ადრეც ვთქვი, ეს ქვეყნები მუშაობენ ამ ცვლილებებზე. მესიჯი, რომელსაც ეს ყველაფერი აგზავნის ისაა, რომ NATO-ს კარი ღიად რჩება", - განაცხადა რიზომ.

მისი თქმით, საქართველომ წარმოუდგენელი დახმარება გაუწია ავღანეთის მისიას.

"საქართველომ წარმოუდგენელი დახმარება გაუწია ავღანეთის მისიას. ვფიქრობ, უფრო დიდი შეკითხვა, რომელიც ახლა ჩნდება ისაა, თუ რა იქნება NATO-ს არეალს მიღმა ოპერაციების როლი მას შემდეგ, რაც ავღანეთის მისია დასასრულს მიუახლოვდება. ვფიქრობ, რომ მომდევნო კვირებში, მისის დასრულებასთან ერთად, ალიანსი სწორედ ამ თემებს განიხილავს.

აფრიკის, ახლო ამოსავლეთის, ერაყის შემთხვევაში, რა მოხდება, როგორ გაგრძელდება NATO-ს ჩართულობა ამ რეგიონების მისიებში, ეს შეკითხვები ისმის და ამაზე მუშაობენ. საქართველო კი, ვფიქრობ, ამ განხილვის ნაწილი იქნება და დარწმუნებული ვარ მისთვისაც მოინახება როლი მას შემდეგ, რაც ავღანეთის მისია დასრულდება", - აღნიშნა რიზომ.

ჟურნალისტის კითხვას, თუ რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ნატოს წევრი ქვეყნები, განსაკუთრებით საფრანგეთი, იტალია, გერმანია და სხვები დათანახმდნენ ნატოს გაფართოებას, რიზომ უპასუხა:

"ეს რომ ვიცოდე, ალბათ ნატოს გენერალური მდივანი ვიქნებოდი. ეს ძალიან კარგი შეკითხვაა. ვფიქრობ, საჭიროა ალიანსის ისეთ წევრებთან საუბრის და განხილვის გაგრძელება, როგორიც საფრანგეთი და გერმანიაა. ნატო კონსესუსის ორგანიზაციაა. ყველა წევრს თანაბრად აქვს იმის გადაწყვეტილების უფლება, თუ რა უნდა მოხდეს ალიანსისთვის სამომავლოდ. ეს გვაჩვენებს იმის აუცილებლობას, რომ საუბარი და მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს ისეთ ქვეყნებთან, როგორიც საფრანგეთი და გერმანიაა და ისეთ ქვეყნებთანაც, როგორიც თურქეთი,საბერძნეთი, უნგრეთი არიან. ყველას ხმა, ვინც გადაწყვეტილების მაგიდასთან ზის თანაბრად ისმის და ნებისმიერი გადაწყეტილება ერთობლივად მიიღება.

საქართველოსა და უკრაინაზე საუბრის გაგრძელება გადაწყვეტილების მიღების მაგიდასთან ნატოს წევრებთან ერთად, არის გასაღები საფრანგეთისა და გერმანიის მხარეს ყოფნისთვის და იმის გასარკვევად, ერთ დღეს, ეს ერთობა როგორი შეიძლება იყოს.

თუმცა, ეს ნამდვილად ძალიან რთული კითხვა და თემაა, რომელზეც ძალიან ბევრს ვფიქრობთ".

როგორც რიზომ აღნიშნა, საქართველოს მომავალი დასავლეთშია.

"დასავლეთის მიერ აღებული პასუხისმგებლობები საქართველოს უსაფრთხოებისთვის ნათელია. ვფიქრობ, რომ ქვეყნის მომავალი ევროკავშირთანაა.

[დიალოგი რუსეთთან] ძალიან მძიმე განსახილველი იქნება, განსაკუთრებით დასავლეთისთვის და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ჩვენ გვინდა, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ პასუხისმგებლობები ისეთი ქვეყნების მიმართ, როგორიც საქართველო და უკრაინაა, ძალიან ნათელია", - განაცხადა რიზომ ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.