არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია 12 ე.წ. სპეციალურ მთვლელის დაქირავებას გეგმავს, რომლებიც შედეგებს პირდაპირ ეთერში გადაითვლიან

მოვითხოვეთ, 12 ე.წ. მთვლელის დაქირავება მოხდეს, რომლებიც ჩვენი თანდასწრებით, პირდაპირ ეთერში განახორციელებენ გადათვლის პროცესს, როცა შევათანხმებთ, რომელი უბნების გადათვლა მოხდება და რა პრინციპით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მიქანაძემ აღნიშნა, კომისიის მუშაობის საკითხზე დასკვნას აპარატი მოამზადებს, რაც დამტკიცების შემთხვევაში ბიუროზე და პლენარულ სხდომაზე გავა.

„სამოქმედო გეგმა, რომელსაც დღეს ჩვენ იმედია, დავამტკიცებთ, ერთ-ერთ კომპონენტად ითვალისწინებს გარკვეული უბნების გადათვლას, რაც საგამოძიებო პროცესისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი კომპონენტია. გადათვლის პროცესი არ არის ჩვეულებრივი პროცესი, რომელიც დაკავშირებულია ცოდნის, უნარებისა და გამოცდილების ქონასთან. ეს პროცესი პროფესიონალურად რომ წარიმართოს, ბიუჯეტით მოვითხოვეთ 12 ე.წ. მთვლელის დაქირავება მოხდეს, რომლებიც ჩვენი თანდასწრებით, პირდაპირ ეთერში განახორციელებენ ამ გადათვლის პროცესს, როცა შევათანხმებთ, რომელი უბნების გადათვლა მოხდება და რა პრინციპით. ეს ადამიანები განახორციელებენ გადათვლას, მაგრამ ჩვენ ვიქნებით დამსწრე, ზედამხედველი და იმის მაკონტროლებელი, რომ ეს პროცესი სწორად მიმდინარეობს. საჯაროობა და ღიაობა უზრუნველყოფილი რომ იყოს, მნიშვნელოვანი იქნება, პროცესი ლაივსტრიმით, პირდაპირ ეთერში გადაიცეს“, – განაცხადა მიქანაძემ.