ევროპული საქართველო პარლამენტში არ შედის - განცხადება პარტიის თავმჯდომარემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდგ გააკეთა.
გიგა ბოკერიას თქმით, პარტიაში ამ საკითხზე თითქმის ერთსულოვანი გადაწყვეტილებაა. თუმცა, პარტიას ასათვისებელი აქვს 2 მანდატი - სავარაუდოდ ერთს გამოიყენებს ტარიელ ნაკაიძე და ამ შემთხვევაში ის "ევროპულ საქართველოს" დატოვებს, ხოლო მეორე მანდატი ელენე ხოშტარიას ეკუთვნის, რომელმაც "ევროპული საქართველო" უკვე დატოვა და პარლამენტში შესვლაზეც უარს ამბობს.
"ამ საკითხზე თითქმის ერთსულოვნად, პარტიის პოზიცია არის, რომ ევროპულმა საქართველომ, ამ პოლიტიკურად არალეგიტიმურ პარლამენტში, არ უნდა მიიღოს მონაწილეობა, ამიტომ ევროპული საქართველო იმ ორ მანდატს, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს არ გამოიყენებს.
სამწუხაროდ, ტარიელ ნაკაიძესთან ამ საკითხში განსხვავებული აზრი გვქონდა.... ჩვენ რადგან პოლიტიკურად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ პარლამენტში არ მივიღებთ მონაწილეობას, ჩვენი პოლიტიკური გზები ამ მომენტში, ამ საკითხზე გაიყო და ის ამ პარლამენტში ევროპულ საქართველოს არ წარმოადგენს",-თქვა გიგა ბოკერიამ.
ვროპულ საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში სულ 5 მანდატი ჰქონდა. აქედან 3 მანდატი გამოიყენა პარტიიდან წასულმა დავით ბაქრაძემ, არმაზ ახვლედიანმა და შალვა შავგულიძემ. არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე პარტია "ლელოს" საპარლამენტო ფრაქციაში გაერთიანდნენ პარლამენტში შესვლის შემდეგ.
„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, პარტიის პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე ორი მთავარი საკითხის განხილვა მოხდა. ბოკერიას თქმით, პარტიის წევრებმა და წარმომადგენლებმა განიხილეს მომავალი პოლიტიკური კამპანიისა და სტრატეგიის საკითხი.
როგორც ბოკერიამ აღნიშნა, საწვავზე აქციზის ფასის დაწევასთან ერთად, მოხდება მიწასა და ტყით სარგებლობასთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმების მოთხოვნა, რაც პოლიტიკური კამპანიის სახეს შეიძენს.
„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის თქმით, პოლიტსაბჭოზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საკანონმდებლო ორგანოში პარტიის ჩართვა-არ ჩართვაც იყო. ბოკერიამ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე თითქმის ერთსულოვანი პოზიცია დაფიქსირდა, რომ პარტია გააგრძელებს ბოიკოტის რეჟიმს და არ ჩაერთვება საპარლამენტო საქმიანობაში.
„ორი მთავარი საკითხი იყო დღევანდელ პოლიტსაბჭოზე: პირველი ეს არის ჩვენი შემდგომი სტრატეგიისა და პოლიტიკური კამპანიის საკითხი, რომელიც დავიწყეთ დღეს თბილისში გადასახადებისა და საწვავის აქციზის დაწევასთან დაკავშირებით და ჩვენ ახლა გავიარეთ მთელ საქართველოში ამ კამპანიის გაგრძელების საკითხი, ეს არის გადასახადების დაწევა, პირველ რიგში საწავავზე, რაც გაუადვილებს ყველა მოქალაქეს სიცოცხლეს და მეორე ეს არის კერძო საკუთრების საკითხი მიწაზე და ტყეზე, სადაც უმძიმესი მდგომარეობა აქვთ ადამიანებს, რომლებიც ვერ ინახავენ საკუთარ ოჯახებს ამ შეზღუდვებისა და რეგულაციების გამო და სახელმწიფოს ხელში ამ რესურსების მონოპოლიზაციის გამო.
ასევე განსახილველი საკითხი იყო ბოიკოტის თემა, პარლამენტში შესვლა-არ შესვლის საკითხი იმ ახალ რეალობაში, რომელიც შედგა სამწუხაროდ, შეთანხმებაზე ჩვენი პარტნიორი პარტიების ნაწილის მხრიდან ხელმოწერის შემდეგ.
ამ საკითხზე თითქმის ერთსულოვნად პარტიის პოზიცია არის, რომ „ევროპულმა საქართველომ“ ამ პოლიტიკურად არალეგიტიმურ პარლამენტში არ უნდა მიიღოს მონაწილეობა, რადგან პოლიტიკურად „ევროპული საქართველო“ იმ ორ მანდატს, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, არ გამოიყენებს. სამწუხაროდ, ბატონ ტარიელ ნაკაიძესთან ამ საკითხში გვქონდა განსხვავებული აზრი, ტარიელ ნაკაიძეს მადლობა მინდა ვუთხრა, რომ მას ჰქონდა სურვილი, ჩვენი პარტიის სახელით ყოფილიყო პარლამენტში წარმოდგენილი, უფრო მეტიც, ის სრულად ემორჩილებოდა იმ შეთანხმებას, რომელიც ჩვენ პარტიის შიგნით გვქონდა, რომ თუ ჩვენ შევიდოდით პარლამენტში და აღდგებოდა სიები, ის კონკურენციის წესით სხვა ადამიანს დაუთმობდა თავის ადგილს, მაგრამ ჩვენ რახან პარტიულად, პოლიტიკურად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ პარლამენტში არ მივიღებთ მონაწილეობას, ჩვენი პოლიტიკური გზები ამ მომენტში, ამ საკითხზე გაიყო და ის არ წარმოადგენს „ევროპულ საქართველოს“ ამ პარლამენტში, ხოლო იმ ერთ მანდატს, რომელიც ჩვენ ელენე ხოშტარიას პრინციპული პოზიციის გამო გვაქვს, არ გამოვიყენებთ.
„ევროპული საქართველოს“ პოზიცია რჩება მყარი, ჩვენ არ არ ვწყვეტთ ბოიკოტს და არ ვცვლით ჩვენ პოზიციას ამ პოლიტიკურად არალეგიტიმური პარლამენტის მიმართ“, - განაცხადა ბოკერიამ.