საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ვიზიტად ბელგიაში იმყოფება, სადაც NATO-ს შტაბ-ბინა ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების შეხვედრებს მასპინძლობს. თავდაცვის ძალების მეთაურმა ვიზიტი აშშ-ის ევროპული სარდლობის (EUCOM) მეთაურთან-მოკავშირეთა ძალების უმაღლეს სარდალთან ევროპაში (SACEUR) გენერალ ტოდ ვოლტერსთან შეხვედრით დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და NATO-სთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
"გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გენერალ ტოდ ვოლტერსს აშშ-ის ევროპული სარდლობის მიერ საქართველოსთვის გაწეული პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესსა და NATO-სთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს, მათ შორის განახლებული NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ახალ ინიციატივებს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო განაგრძობს ნატოსთან თანამშრომლობის მექანიზმების ეფექტიანად განხორციელებასა და ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს NATO-სთან თავსებადობის გაძლიერებასა და ქვეყნის ნატოში გაწევრიანების პროცესს.
საუბარი შეეხო NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთ წარმატებულ ინიციატივას - NATO-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC), რომელიც წარმატებით ახორციელებს როგორც ეროვნულ, ასევე მრავალეროვნულ სწავლებებს. ყურადღება გამახვილდა თავდაცვის ძალების განვითარების გრძელვადიან გეგმებსა და რეფორმების მთავარ მიმართულებებზე.
გენერლებმა შეხვედრაზე საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-თან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, მათ შორის საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP). განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემას ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ საქართველოს კონტრიბუცია წარმოადგენდა. მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და არსებულ გამოწვევებზეც იმსჯელეს", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთანავე, ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის ძალების მეთაური უცხოელ კოლეგებს შეხვდება და NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრება.