ვერც ერთი სისტემა ვერ გაუძლებს თუ ყველანი ერთად გავხდებით ავად - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე მოსახლეობას კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული მოთხოვნების შესრულებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ვერც ერთი სისტემა ვერ გაუძლებს დატვირთვას, თუ მოქალაქეები ელემენტარულ წესებს არ შეასრულებენ:

"ერთხელ გაზაფხულზე ვთქვი და მეორედ, მგონი, შემოდგომაზე ვთქვი და მერე ამაზე ატყდა ერთი ამბავი. მე რასაც ვამბობ, პასუხს ვაგებ ხოლმე ჩემს სიტყვებზე და ეს არ არის ხოლმე არავის დაშინება. ეს არის ხოლმე სამწუხარო რეალობის დანახვება, რაც მოგველის.

თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს. ამას კიდევ გავიმეორებ, ვერც ერთი ჯანდაცვის სისტემა. და მე მგონი კარგად უყურებთ მედიას, რა ხდება ყველაზე განვითარებულ, ყველაზე მაგარ ქვეყნებში, ყველაზე მაგარი ჯანდაცვის სისტემით. ვერც ერთ ქვეყანაში, ვერც ერთი ჯანდაცვის სისტემა, ახლა სულ რომ გერმანული საავადმყოფოები აქ გადმოვიტანოთ, თავისი გერმანელი ექიმებით, ვერ გაუძლებს, თუ ჩვენ ყველა ერთად გავხდებით ავად და ეს მოხდება, თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს. აი, ეს არის რეალობა”, - განაცხადა პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეპიდვითარების მოსალოდნელ გაუარესებაზე საუბრისას.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 20 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 401-მდე გაიზარდა.

გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 2401 შემთხვევა. ეპიდემიის პერიოდში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. წინა დღესთან შედარებით 106-ით მეტი ახალი შემთხვევაა.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 49 218-ს შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 2289-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 33 459.