გოგი წულაიამ ისევ დაიწყო შიმშილობა, ის უარს ამბობს მედიკამენტების მიღებაზეც

პოლიტიკოსი გოგი წულაია საპატიმრო დაწესებულებაში ერთი კვირაა შიმშილობს, მოსამართლისა და პროკურორის აცილების მოთხოვნით. ციხიდან გავრცელებულ განცხადებაში წულაია წერს, რომ მისი წინასწარი პატიმრობის გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილება წინასწარ იყო მიღებული.

„10 მაისის სასამართლო პროცესზე, რომელიც წინასწარ იყო დაგეგმილი, შოთაძის მონა პროკურორმა და მურუსიძის მონა მოსამარათლემ წინასწარი პატიმრობა ორი თვით გამიხანგრძლივეს, რომლის შემდგომ ვეღარ მოვითმინდე და დედა მოვუკითხე, ორივე ძალიან მოწადინებული იყო ჩემი დაჭერით და ამ ფაქტის მერე რას იზამენ ხომ წარმომიდგენია.

მივიღე გადაწყვეტილება უკვე ერთი კვირაა ვშიმშილობ, არ ვიღებ არც მედიკამენტებს, მოთხოვნა ერთია გამიკეთონ აცილება მოსამართლეზე და ასევე პროკურორზე, რომელიც ჩემ დაჭერისას მონაწილეობას იღებდა ჩემს წამებაში და ღირსების შელახვაში“, - წერს გოგი წულაია.

გოგი წულაიას ადვოკატის, ვალერი გელბახიანის განცხადებით, გოგი წულაიას თავი კვლავ, პოლიტიკურ დევნილად მიაჩნია.

„გუშინ დაიწყო შიმშილობა, უარი თქვა მედიკამენტების მიღებაზე, ეს იქიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლომ პატიმრობის ვადა გაუგრძელა, პატიმრობაზე ვადის გაგრძელების საფუძველი არ არსებობდა. მითითებული იყო, თითქოს დაზარალებულზე მოახდენს ზეწოლასო, მას მიაჩნია, რომ არ იყო სამართლებრივი საფუძველი, კვლავ პოლიტიკურ დევნილად მიიჩნევს თავი, აქედან გამომდინარე აცხადებს პროტესტს“, - აღნიშნავს გელბახიანი.

მისივე თქმით, გოგი წულაია საქმის პროკურორის და მოსამართლის აცილებას ითხოვდა, რაზეც უარი უთხრეს.