გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან დღეს 5 წელი გავიდა. აფხაზეთიდან დევნილი ზუგდიდში მცხოვრები ოთხოზორია აფხაზმა ე.წ. მესაზღვრემ, რაშიდ კანჯი ოღლიმ, ხურჩაში, გამყოფ ხაზთან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე 2016 წლის 19 მაისს მოკლა და მიიმალა.

ქართულმა მართლმსაჯულებამ რაშიდ კანჯი ოღლი დამნაშავედ სცნო გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობაში და დაუსწრებლად მიუსაჯა 14 წლით პატიმრობა. საქართველომ კანჯი ოღლი საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადა. თუმცა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ის არავის დაუსჯია. ვრცელდებოდა ცნობები, რომ კანჯი ოღლიმ თავი რუსეთს შეაფარა. პასუხი არც მისი თანმხლები სხვა "მესაზღვრეებისთვის" მოუთხოვიათ.

გიგა ოთხოზორიას მკვლელს აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ 2017 წელს, სასჯელის ზომად მხოლოდ შინაპატიმრობა განუსაზღვრა. თუმცა, იმავე წელს საქართველოს ხელისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ დე ფაქტო სამხედრო პროკურატურამ მტკიცებულებების არარსებობის საბაბით შეწყვიტა საქმის გამოძიება და რაშიდ კანჯი ოღლის სისხლისსამართლებრივი დევნა.

საქართველოს მთავრობამ ჟენევის მოლაპარაკებებზე და გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე არაერთხელ, თუმცა უშედეგოდ მოითხოვა კანჯი ოღლის გადაცემა.

გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეს სტრასბურგის სასამართლოც განიხილავს. ოთხოზორიას ოჯახის ინტერესებს სასამართლოში იცავენ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი“.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი 2018 წლის იანვარში შევიდა.