საქართველოში ჯანდაცვის სპეციალისტების რჩევებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებული რეკომენდაციაც დაემატა.
ამირან გამყრელიძე პოლიტიკურ პროცესებში ჩართულებს მოუწოდა, გაუწიონ ანგარიში იმას, რომ ადამიანის უფლებებში უპირველესია სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება.
ამირან გამყრელიძის თქმით, დიდი თავყრილობები ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკია ინფექციის გავრცელების და ამიტომ აუცილებელია არსებული რეკომენდაციების დაცვა. მან კოვიდტესტის სტატისტიკაც შეაფასა.
„ვაფართოებთ ანტიგენზე დამყარებულ სწრაფ დიაგნოსტიკას და დღიური გამოყენების მაჩვენებელი სავარაუდოდ, 14-15 ათასამდე ავა“, - აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა.
საქართველოში დღეს კორონავირუსის 2 401 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 289 პაციენტი, გარდაიცვალა 20 პაციენტი.
თავის მხრივ, პაატა იმნაძე გვახსენებს, რომ ვერც ერთი ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს, თუ ჩვენ ყველა ერთად გავხდებით ავად და ეს მოხდება, თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს.
ვირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი საქართველოში 2020 წლის, 26 თებერვალს გამოვლინდა.
პანდემიის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე, ჩინეთმა, 21 იანვარს დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. ჩინეთში ეპიდემია 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.