ჩვენ მუდმივად კომუნიკაციაში ვართ საქართველოს მოქალაქეებთან, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე დამსაქმებელი არ შეასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, აუცილებლად მოხდება პროცესებში ჩართვა და ამ პროცესების მართვა, - ამის შესახებ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა, ნინო ველთაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ნინო ველთაურმა აღნიშნა, გერმანიასა და საქართველოს შორის გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს მოქალაქეების სეზონურ დასაქმებას გულისხმობს, გერმანიის ფედერაციაში, გაფორმებულია ორ უწყებას შორის და მასში გათვალისწინებული არის შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვა.
„ამ დროისთვის გერმანიის ფედერაციაში 4 ჯგუფია გაგზავნილი. ჩვენ თითოეულ მათგანთან ვართ ხაზზე. როდესაც შემოვიდა პირველივე შეტყობინება ამ ჯგუფიდან, რომ ისინი წუხდნენ სამუშაო პირობებზე, რომელიც იქ დახვდათ და ადგილი აქვს დამსაქმებლის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების არაჯეროვნად შესრულებას, ჩვენ იმ დღიდანვე ვართ კომუნიკაციაში გერმანიის შრომის ფედერალურ სააგენტოსთან, რომელმაც თავის მხრივ, პროცესში ჩართო შესაბამისი გერმანული სახელმწიფო უწყებები, რათა დამსაქმებელს დაეწყო იმ ვალდებულებების შესრულება, რაც მას აქვს აღებული ხელშეკრულებით. ამ სამუშაო პირობების გამოსწორება უკვე დაწყებულია. საუბარია, რომ დამსაქმებელმა ჯეროვნად არ შეასრულა ის ვალდებულებები, რომელიც იდო შრომით ხელშეკრულებაში.
ყველგან შეიძლება აღმოჩნდეს არაკეთილსინდისიერი დამსაქმებელი. თუმცა კარგი არის ის, რომ ქვეყნებს შორის გაფორმებული შეთანხმება ითვალისწინებს მექანიზმებს ასეთი ვითარების მართვისთვის. ეს მექანიზმები ამოქმედებულია და ხარვეზები, რაც ჩვენს მოქალაქეებს ადგილზე დახვდათ, მათი გამოსწორება არის დაწყებული“, – განაცხადა ველთაურმა.
მისივე თქმით, გერმანიის ფედერალურ შრომის სააგენტოში არის შესაბამისი უწყება, რომელიც შრომის პირობების მონიტორინგს აკეთებს. უკვე დაიწყო პირობების გაუმჯობესება.
"ჩვენ ამ დინამიკას დავაკვირდებით. თუ დამსაქმებელი ბოლომდე ჯეროვნად არ შეასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, ჩვენ მოქალაქეებს აუცილებლად გადავანაცვლებთ სხვა დამსაქმებელთან. აუცილებლად მოხდება ნამუშევარი საათების ანაზღაურებაც, იმ შემთხვევაში თუ ისინი გადავლენ სხვა დამსაქმებლებთან. ჩვენ მხოლოდ ეს ბოლოს გამგზავრებული ჯგუფი დაგვიკავშირდა. წინა სამ ჯგუფს მსგავსი პრობლემა არ შექმნიათ. ჩვენ მათთანაც მუდმივ კომუნიკაციაში ვართ“, – განაცხადა ველთაურმა.
გერმანიაში დასასაქმეებლად წასული საქართველოს მოქალაქეების განცხადებით, მათ შესასრულებელი სამუშაო რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა იმისგან, რასაც კონტრაქტი ითვალისწინებს.