ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეი საქართველოს ეწვევა

ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეი საქართველოში ჩამოვა. ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

"ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ის უახლოეს მომავალში ეწვევა საქართველოს. ჩვენ მოხარულები ვართ და ეს ძალიან მისასალმებელია. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთან ურთიერთობები ევროკავშირისთვის და რა დატვირთვა აქვს საქართველოსთან პარტნიორობის გაღრმავებას", - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

როგოც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ძალიან კარგი შეხვედრა გამართეს.

„ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგში მდგარ საკითხებზე. ევროკავშირის მხარდაჭერაზე ჩვენი ქვეყნის მიმართ, ასევე სამომავლო გეგმებზე. თუ რა ტიპის პროექტები და პრიორიტეტები გვექნება ევროკავშირთან ურთიერთობებში უახლოესი წლების განმავლობაში", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.