აშშ ალბანეთის ყოფილ პრეზიდენტს სანქციებს უწესებს

აშშ ალბანეთის ყოფილ პრეზიდენტს, სალი ბერიშას სანქციებს უწესებს და მას ქვეყანაში შესვლას უკრძალავს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

გარდა ყოფილი პრეზიდენტისა, აშშ-ში შესვლა ეკრძალება მისი ოჯახის წევრებს - მეუღლეს და ორ შვილს.

სალი ბერიშას სახელმწიფო ქონების მითვისება, საზოგადოებრივ პროცესებში ჩარევა, ძალაუფლების ბოროტად, პირადი ინტერესებისთვის გამოყენება და საკუთარი ოჯახის წევრებისა და პოლიტიკური მოკავშირეების გამდიდრებისთვის ხელშეწყობა ედება ბრალად.

"ალბანეთის ყოფილი პრეზიდენტის სალი ბერიშას კორუფციული ქმედებები ძირს უთხრის ალბანეთში დემოკრატიას. მე საჯაროდ ვნიშნავ ბერიშას და მისი ოჯახის უახლოეს წევრებს, როგორც მათ შეერთებულ შტატებში შესვლის უფლება არ აქვთ.

ჩვენ ვრჩებით, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, კორუფციის წინააღმდეგ ალბანეთში", - წერს ბლინკენი Twitter-ში.

სალი ბერიშა 1992-1997 წლებში ალბანეთის პრეზიდენტი, 2005-2013 წლებში კი პრემიერ-მინისტრი იყო.