აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს არქტიკული საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, ისლანდიის დედაქალაქში, რეიკიავიკში შეხვდა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბლინკენმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ცდილობდა უფრო სტაბილურ და პროგნოზირებად ურთიერთობას მოსკოვთან.
როგორც ცნობილია, შეხვედრაზე ბლინკენმა და ლავროვმა განიხილეს რუსეთის არქტიკული საბჭოს თავმჯდომარეობის საკითხი და თანამშრომლობის მნიშვნელობა რეგიონში აშშ-სა და რუსეთის საერთო წილის გათვალისწინებით.
სახელმწიფო მდივანმა ასევე გაიმეორა პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილება, დაიცვას აშშ-ის მოქალაქეები და მტკიცედ იმოქმედებენ აშშ-ის ინტერესების დასაცავად, რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, რომლებიც ზიანს აყენებს აშშ-ს ან მის მოკავშირეებს.
ბლინკენმა განმარტა, რომ რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს ამერიკის მოქალაქეები პოლ უელანი და ტრევორ რიდი.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბლინკენმა გამოხატა აშშ-ის „ღრმა შეშფოთება“ რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებთან სამხედრო განლაგების გაგრძელებასთან დაკავშირებით.
ასევე შეშფოთება გამოხატა „ამერიკის ხმისა“ და „რადიო თავისუფალი ევროპის / რადიო თავისუფლების" წინააღმდეგ რუსეთის ქმედებების გამო და პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომაროების შესახებ, ასევე ოპოზიციური ორგანიზაციების მიმართ „რეპრესიებზე“.
ბლინკენმა ხაზი გაუსვა სირიის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის აუცილებლობას, მათ ასევე განიხილეს რეგიონული საკითხები, მათ შორის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის გრძელვადიანი გადაწყვეტის პოლიტიკური გზები.
„მათ ასევე განიხილეს ის სფეროები, სადაც ჩვენს ქვეყნებს შეუძლიათ ისარგებლონ მდგრადი და გაღრმავებული თანამშრომლობით, მათ შორის ავღანეთის, სტრატეგიული სტაბილურობისა და ირანისა და ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამების შეზღუდვის საკითხები“, - აღნიშნულია დეპარტამენტის განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა დისკუსიების გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოხატეს.