2021 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.7 %-ით გაიზარდა და 21.9 % შეადგინა. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.
2021 წლის I კვარტალში სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 48.3 % შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.0 %-ით ნაკლებია, ხოლო დასაქმების დონე შემცირებულია 4.2%-ით და 37.7 %-ს შეადგენს.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 2.3 %-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 3.8%-ით. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 4.9 %-ით,ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 3.3 %-ით.
2021 წლის I კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 69.4 %-ს შეადგენდა, რაც 1.2 %-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
2021 წლის I კვარტალში უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 5.7 %-ით, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 0.4 %-ით.
უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2021 წლის Iკვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 4.0 %-ით, ხოლო კაცებში გაზრდილია 3.3 %-ით.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2021 წლის I კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 38.2 %-ს, ხოლო კაცებში 60.0 %-ს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალებში შემცირებულია 3.5 %-ით,ხოლო კაცებში - 2.3 %-ით.
2021 წლის I კვარტალში დასაქმების დონე როგორც ქალებში, ასევე კაცებში შემცირებულია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შესაბამისად 4.5 და 3.8 %-ით.