კარლ ჰარცელი: თამარ ჟვანიას თავმჯდომარეობის საკითხი 19 აპრილის შეთანხმების ფორმატში განხილული არ ყოფილა

19 აპრილის შეთანხმების ფორმატში თამარ ჟვანიას თავმჯდომარეობის საკითხი განხილული არ ყოფილა, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, თავად პარტიების გადასაწყვეტია, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის საკითხზე მსჯელობის გაგრძელება.

ამასთანავე, ელჩმა საარჩევნო კანონმდებლობაში განსახორციელებელი ცვლილებები პერსპექტიულად შეაფასა.

„მე შემიძლია ვთქვა, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები პერსპექტიულად გამოიყურება. იყო გარკვეული დისკუსია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან დაკავშირებით, მაგრამ თამარ ჟვანიას პოზიციასთან დაკავშირებული დისკუსია არ ყოფილა 19 აპრილის შეთანხმების ფარგლებში და თავად პარტიებზეა დამოკიდებული ამ განხილვის გაგრძელება,“- განაცხადა კარლ ჰარცელმა.