ჩინეთის განცხადებით, აშშ-ის სამხედრო ხომალდი მის ტერიტორიულ წყლებში უკანონოდ შეიჭრა

ჩინეთის განცხადებით, აშშ-ის სამხედრო ხომალდი მის ტერიტორიულ წყლებში უკანონოდ შეიჭრა. ამის შესხებ ინფრომაციას Usnews-ი ავრცელებს.

როგორც ჩინეთის სამხრეთ ოლქის სამხედრო ხელმძღვანელობა აცხადებს, აშშ-ის საესკადრო ნაღმოსანმა „Curtis Wilbur”-მა, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, პარასელის კუნძულებთან დაარღვია ჩინეთის ტერიტორიული წყლები.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩინეთი გმობს აღნიშნულ ქმედებას და აშშ-ს სუვერენიტეტის დარღვევაში ადანაშაულობს. ჩინეთის განცხადებით, აშშ-ს ეს ქმედება ძირს უთხრის რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას.

მოგვიანებით, აშშ-ის საზღვაო ძალებში განაცხადეს, რომ აშშ-ის სამხედრო ხომალდი საერთაშორისო საზღვაო სამართლისა და თავისუფალი ნაოსნობის სრული დაცვით იმყოფებოდა პარასელის კუნძულებთან, რომლებზეც სუვერენიტეტს ჩინეთი, ტაივანი და ვიეტნამი აცხადებენ.

სამხრეთ ჩინეთის ზღვა, აშშ-ჩინეთის დაძაბულ ურთიერთობებში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხია. აშშ არ ცნობს ბუნებრივი რესურსებით მდიდარ წყლებზე ჩინეთის პრეტენზიებს და მას უკანონოს უწოდებს.