კელი დეგნანი აშშ-ის ახალ დახმარებაზე: საქართველო შეძლებს ენერგორესურსების დივერსიფიკაციას და რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის საგრანტო შეთანხმებაზე ხელმოწერას ელჩმა კელი დეგნანმა სტრატეგიულ პარტნიორობაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა. მთავრობის ადმინისტრაციაში ღონისძიებისადმი მიძღვნილ ბრიფინგზე ელჩმა აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება შესაძლებელს გახდის, რომ ამერიკელმა ხალხმა USAID-ის საშუალებით 330 მლნ დოლარი გამოყოს მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის.

„ეს არის ჩვენი ერთობლივი ფასეულობების დამადასტურებელი მხარდაჭერა და პროგრამა განვითარებისთვის. ის გააძლიერებს საქართველოს მედეგობას და გამძლეობას გარედან მომდინარე საზიანო ეფექტებისგან, გააძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, მოიტანს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას და შექმნის სამუშაო ადგილებს მთელ ქვეყანაში. ეს დახმარება ბევრი მიმართულებით შექმნის შესაძლებლობებს, ახალი პროგრამა შეიქმნება ენერგეტიკის უსაფრთხოების მიმართულებით, საქართველო შეძლებს ენერგორესურსების დივერსიფიკაციას და რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას.

ეს შესძლებელს გახდის, რომ საქართველოს მოსახლეობას ხარჯები შეუმცირდეს. ამ მიმართულებით ჩვენ ახალ ინიციატივებს ვამუშავებთ იმისთვის, რომ ეკონომიკური შესაძლებლობები გაიზარდოს, ხალხთაშორის ურთიერთობა გაიზარდოს და ეს ასევე მოიცავს „ადმინისტრაციული საზღვრის“ მიღმა მყოფ საზოგადოებას“, - აღნიშნა ელჩმა.

კელი დეგნანის განცხადებით, აშშ განაგრძობს ინვესტიციებს სასკოლო განათლებაში, იმ 7 მილიონის მიღმა, რომელიც აშშ-ის განვითარების სააგენტოს საშუალებით ხორციელდება და რომელიც გასულ წელს დაიწყო.

ახალი პროგრამა დაიწყება სამოქალაქო განათლების კუთხით, რაც სამომავლოდ შექმნის რესურს, რომ კადრები მზად იყოს ამ სფეროში. USAID-ი დაეხმარება ქვეყანას ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე, რომ მეტი გამჭვირვლობა, მეტი ანგარიშვალდებულება არსებობდეს და ლიდერები ანგარიშვალდებულნი იყვნენ ხალხის წინაშე. ბოლოს, ეს დაფინანსება შესაძლებელს გახდის, რომ USAID-მა ახალი პროგრამები დააფინანსოს საქართველოში, რაც გულისხმობს უმუშევრობის დონის შემცირებას, საშუალო და მცირე საწარმოების განვითარება/გაფართოებას სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით.

აქედან გამომდინარე, ძალიან გვახარებს ახალი ფაზა ჩვენს ურთიერთობებში, რომელიც დემოკრატიული ინსტიტუტების და საბაზრო ეკონომიკის განვითარების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ წინსვლას ეფუძნება. მომდევნო 5 წლის განმავლობაში აშშ განაგრძობს საქართველოს დახმარებას იმისთვის, რომ გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, შეიქმნას ის შესაძლებლობები, რომლებიც დღევანდელ და სამომავლო გამოწვევებს დაძლევს. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს და მისი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.