პაატა იმნაძე: პირველი დოზით აცრის შემდეგ კოვიდინფიცირებულებმა დაავადება მარტივად გადაიტანეს

„საქართველოში 300-ზე მეტი ადამიანია, ვინც კორონავირუსის ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ დაინფიცირდა. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. მოგეხსენებათ, პირველ დოზას არ აქვს ისეთი დაცვა, რომ ადამიანი არ დაინფიცირდეს. თან, ზოგიერთი, მეორე, მესამე, მეოთხე დღეს დაინფიცირდა და ისინი აცრის დროს უკვე ინკუბაციურ პერიოდში იყვნენ“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მედიავებინარზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, კორონავირუსის პირველი დოზის შემდეგ ინფიცირებული ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობაში ვირუსი მსუბუქად განვითარდა.

„მინდა აღვნიშნო, რომ ამ ადამიანებში დაავადება ძალიან ადვილად წავიდა, აბსოლუტურ უმრავლესობას ჰოსპიტალიზაციაც კი არ დასჭირვებია. „გაიდლაინის“ მიხედვით, ვირუსის გადატანიდან 120 დღის შემდეგ კეთდება პირველი დოზა. ამასთან, თუ აცრის შემდეგ დაინფიცირდა ადამიანი, ასევე, 120 დღის შემდეგ ეკუთვნის მეორე დოზა. უკვე გამოჩნდა ბევრი პუბლიკაცია, რომელთა მიხედვითაც, შესაძლოა, კოვიდგადატანილებში ერთი დოზა იყოს საკმარისი, მაგრამ ჯერ არაა ისეთი მტკიცებულება, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის „გაიდლაინებში“ შევიდეს“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.