ისრაელსა და მოძრაობა „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება ძალაშია

ისრაელსა და მოძრაობა „ჰამასს“ შორის ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება ძალაშია. BBC წერს, რომ საომარი მოქმედებების შეწყვეტა დღეს დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ 11-დღიანი ბრძოლები დასრულდება. იერიშებმა 250-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის უმეტესობა ღაზაში. აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტამ პროგრესის მირწევის „ნამდვილი შესაძლებლობა“ შექმნა. ზავის ამოქმედება (ადგილობრივი დროით 02:00 საათზე) მალევე პალესტინელების ნაწილმა ქუჩაში გასვლით და მანქანების კოლონებით აღნიშნა.

ისრაელმა განაცხადა, რომ ხსნის გადაადგილების თითქმის ყველა საგანგებო შეზღუდვას ქვეყნის მასშტაბით.

ისრაელი აცხადებს, რომ 4300-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს მისი ტერიტორიისკენ.

როგორ გამოცხადდა ზავი?

ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა

ისრაელის პოლიტიკური უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ერთხმად დაეთანხმა ცეცხლის შეწყვეტაზე რეკომენდაციას. „ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა სააგენტო Associated Press- ს განუცხადა, რომ ისრაელის მიერ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტით პალესტინელმა ხალხმა „გამარჯვებას“ მიაღწია. ეს მოსაზრება გაიზიარა ღაზის ქუჩებში გასულმა ხალხმა. BBC ერთ-ერთ ასეთ კომენტარს ავრცელებს: ”ეს არის გამარჯვების დღე, თავისუფლების დღე და ეს არის ყველაზე ლამაზი დღე, რომელიც ჩვენ განვიცადეთ”. თუმცა „ჰამასის“ წარმომადგენელი ბაზემ ნაიმი BBC- სთან, საუბარში სკეპტიკურად უყურებს იმ ფაქტს, „გაგრძელდება თუ არა ზავი ისრაელის აგრესიის გარეშე“.

„მართალია, ბრძოლა დღეს მთავრდება, მაგრამ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა და მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდნენ, რომ თითი იარაღის სასხლეტზე გვაქვს და ჩვენ გავაგრძელებთ ამ წინააღმდეგობის შესაძლებლობების გაზრდას,” - აცხადებს „ჰამასის“ წარმომადგენელი.

ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა გუშინ, გვიან ღამით დაადასტურა, რომ ისრაელის უშიშროების კაბინეტმა ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება დაამტკიცა.

„მინისტრები ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დაეთანხმნენ ეგვიპტის ინიციატივას ცეცხლის ორმხრივი შეწყვეტის შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.

მსოფლიო ლიდერების შეფასებები

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გამოცხადების შემდეგ, გადაწყვეტილებას ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრისას მიესალმა. მისი თქმით, აშშსრულად უჭერს მხარს ქვეყნის „უფლებას დაიცვას თავი სარაკეტო შეტევებისგან“.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ მზადაა გაეროსთან სამუშაოდ, ღაზისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენისა და მის ანკლავში რეკონსტრუქციის ძალისხმევისთვის. მანვე აღნიშნა, რომ ეს გაკეთდება პალესტინის ხელისუფლებასთან "სრული პარტნიორობით".

ეგვიპტის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბაიდენის სატელეფონო ზარით კმაყოფილია და აღნიშნა, რომ მათ გაცვალეს ხედვები ისეთ ფორმულაზე, რომელიც ისრაელსა და ღაზას შორის მიმდინარე კონფლიქტს დაამშვიდებს“.

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონიც მიესალმა ცეცხლის შეწყვეტას და აღნიშნა, რომ ორივე მხარემ ახლა კონფლიქტის "მდგრადი გადაწყვეტის“ გზები უნდა მოძებნოს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მზადაა, ახლო აღმოსავლეთში გაემგზავროს.

„მივესალმები ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც დაასრულებს თერთმეტდღიან კონფლიქტს. ახლა მოქალაქეების მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ“, - დაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა Twitter-ზე.

ევროკავშირი განცხადებით მიესალმება ცეცხლის შეწყვეტას.

„მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტა მოიტანს მდგრად მშვიდობას და სამუდამოდ დაასრულებს ყველა კონფლიქტს. ევროკავშირი მზადაა, სრულად დაუჭიროს მხარი ისრაელისა და პალესტინის ხელისუფლებას ამ ძალისხმევაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ოფიციალური ცნობებით, „ჰამასის“ სარაკეტო დარტყმებს ისრაელში 12 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი ემსხვერპლა. „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, 243 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 100 ქალი, ასევე ბავშვებიც არიან.