"ჩემი პროგნოზი ასეთია, რომ ივნისის მეორე ნახევრისთვის "მწვანე ქვეყნების" რიცხვში ნამდვილად მოვხვდებით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო საკმაოდ დიდი ხანი იყო "მწვანე ქვეყნების" რიცხვში და ასეც გაგრძელდებოდა, რომ არა ნოემბერ-დეკემბრის მაჩვენებლები.
"იმედი მაქვს და ჩემი პროგნოზი ასეთია, რომ ივნისის მეორე ნახევრისთვის "მწვანე ქვეყნების" რიცხვში ნამდვილად მოვხვდებით, თუმცა ევროპაში მოგზაურობისსას პრობლემა ისედაც არ არის, PCR-ის ტესტით უშვებენ. ქვეყნებს და მათ წესებს შორისაც არის განსხვავება. მაგალითად, ავსტრიამ გადაწყვიტა, რომ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით Sinopharm-ით აცრას ჩვეულებრივად ცნობს; უნგრეთს რაც შეეხება, იქ თითქმის ყველა Sinopharm-ის ვაქცინით არის აცრილი. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ევროკავშირში აცრილ მოქალაქეს აეკრძალოს ევროკავშირში მოგზაურობა, რადგან Sinopharm-ით არის აცრილი. დარწმუნებული ვარ, ეს პრობლემები ძალიან მალე გადაწყდება", - განაცხადა პაატა იმნაძემ.
ცნობისთვის, „კორონავირუსის სამფეროვანი შუქნიშნის“ პრინციპი ასეთია: არსებობს მწვანე, ყვითელი (ან ნარინჯისფერი) და წითელი ზონები, რაც ინციდენტობის მაჩვენებლებს ებმის.
„მწვანე ზონა“ გულისხმობს ორკვირიან შუალედში 100 000 მოსახლეზე 10-მდე ინფიცირებულს;
„ყვითელი ზონა“ გულისხმობს ორკვირიან შუალედში 100 000 მოსახლეზე 10-დან 30-მდე ინფიცირებულს;
„წითელი ზონა“ გულისხმობს ორკვირიან შუალედში 100 000 მოსახლეზე 30-ზე მეტ ინფიცირებულს;
ქვეყანა „წითელ ზონად“ ითვლება, თუ: ჩატარებული ტესტების 4%-ზე, ან უფრო მეტზე, პასუხი დადებითი იქნება;100 000 მოსახლეზე შემთხვევათა კუმულაციური რაოდენობა განვლილი 2 კვირის განმავლობაში 50-ს გადააჭარბებს; ან 100 000 მოსახლეზე შემთხვევათა კუმულაციური რაოდენობა განვლილი 2 კვირის განმავლობაში 150-ს გადააჭარბებს;
"მწვანე ზონად" - 100 000 მოსახლეზე შემთხვევათა კუმულაციური რაოდენობა განვლილი 2 კვირის განმავლობაში 25-ს არ აჭარბებს; ჩატარებული ტესტების 4%-ზე მეტს ვირუსი არ დაუდასტურდება.
"ყვითელ ზონად": 100 000 მოსახლეზე შემთხვევათა კუმულაციური რაოდენობა განვლილი 2 კვირის განმავლობაში 50-ს არ აჭარბებს; თუ ჩატარებული ტესტების 4%-ს ან უფრო მეტს ვირუსი დაუდასტურდება.