ზურაბ აბაშიძე კარასინთან შეხვედრის შემდეგ: ჩემი კოლეგისგან მოვისმინე, რომ უახლოეს პერსპექტივაში ავიამიმოსვლის აღდგენა არ არის მოსალოდნელი

„ჩემი კოლეგისგან მოვისმინე, რომ უახლოეს პერსპექტივაში ავიამიმოსვლის აღდგენა არ არის მოსალოდნელი, მაგრამ დღის წესრიგში ეს საკითხი დგას და მისი განხილვა მიმდინარეობს“, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ Europetime-ს განუცხადა.

„ორივე მხრიდან თუ არ იქნება მზაობა, ავიამიმოსვლას ვერ აღადგენ. თავის დროზე, ეს გადაწყვეტილება რუსეთმა მიიღო 2019 წელს. ქართული მხარე მზადაა ავიამიმოსვლის აღსადგენად, რუსეთის მხარე თუ არ იქნება მზად, ვერ აღდგება ავიამიმოსვლა, მაგრამ იყო ასეთი კომენტარი, რომ უახლოეს პერსპექტივაში ეს არ იგეგმება, თუმცა დღის წესრიგში ეს დგას. რუსეთის მხარე დღის წესრიგში ასეთ შესაძლებლობას განიხილავს. თუ აღდგება ავიამიმოსვლა, ეს ადამიანების მიმოსვლას და ტურიზმს ხელს შეუწყობს“, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინს ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვდა.

ცნობისათვის, ორ ქვეყანას შორის ორმხრივი პირდაპირი მოლაპარაკებების ფორმატი 2012 წლის ბოლოდან ამოქმედდა.