სახალხო დამცველი ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, შექმნილი ძალიან მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საპროტესტო აქციების ორგანიზების პროცესში უზრუნველყონ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი ყველა წესის და შეზღუდვის განუხრელად დაცვა. ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული.
ომბუდსმენი ასევე საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ქვეყანაში კოვიდ 19-ით დაინფიცირების ტემპის შენელების მიზნით, უზრუნველყოს უკვე დადგენილი ყველა პრევენციული ღონისძიების ეფექტური აღსრულება.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში ყოველდღიურად მნიშვნელოვნად იმატებს კოვიდ ინფიცირებულთა რიცხვი და სამწუხაროდ იზრდება გარდაცვლილთა რაოდენობაც. უკანასკნელ პერიოდში სახალხო დამცველის აპარატს არაერთი პირი მიმართავს, რომელიც აცხადებს, რომ სამედიცინო დაწესებულებებში შექმნილი მდგომარეობის გამო, ვერ იღებს ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას; გართულებულია კოვიდ 19-ის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობაც. ასევე, უკანასკნელ დღეებში მასობრივ საინფორმაციო საშუალებებსა და სოციალურ მედიაში ვრცელდება ცნობები სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით. წლებია საქართველოს სახალხო დამცველი საუბრობს საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არსებულ მწვავე გამოწვევებზე.
ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან ერთად, ქვეყანაში ყოველთვის იდგა კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის სიმცირის საკითხი; ეს უკანასკნელი კი შესაძლოა, სერიოზულ ბარიერად იქცეს მიმდინარე კრიზისის მართვის პროცესში. მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ხშირია და იმატებს სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების შემთხვევები. ჯანდაცვის სექტორში შექმნილი ურთულესი ვითარების პარალელურად, ქვეყანაში ძალიან გაზრდილია მოსახლეობის მობილობა. განსაკუთრებით საგულისხმოა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საჩივრების განხილვისა და სხვადასხვა საარჩევნო უბნის შედეგების ხელახალი გადათვლის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციები, რა დროსაც ვერ ხერხდება სოციალური დისტანციის და შესაბამისი უსაფრთხოების წესების დაცვა. აღნიშნული ცხადია, კიდევ უფრო ზრდის ინფიცირების რისკებს და ამძიმებს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები სამედიცინო სექტორზე გაზრდილი დატვირთვის რაციონალური გადანაწილებისა და შემცირებისათვის, რათა სამედიცინო პერსონალს მიეცეს შესაძლებლობა ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება გაუწიოს, როგორც დაინფიცირებულ პაციენტებს, ასევე სხვა მოწყვლად ჯგუფებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლების დაცვაზე ზედამხედველობის კონსტიტუციური ვალდებულების და საკუთარი მანდატის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს: საქართველოს მთავრობას, ქვეყანაში კოვიდ 19-ით დაინფიცირების ტემპის შენელების მიზნით, უზრუნველყოს უკვე დადგენილი ყველა პრევენციული ღონისძიების ეფექტური აღსრულება“,-აღნიშნულია განცხადებაში.
სახალხო დამცველი მიმართავს ასევე საარჩევნო ადმინისტრაციებს, სამართლიანი და გამჭვირვალე პროცედურების დაცვით, დროულად განიხილონ არჩევნებთან დაკავშირებული დასაბუთებული საჩივრები და უზრუნველყონ სადაო საარჩევნო უბნების შედეგების გადათვლა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს საარჩევნო ადმინისტრაციების გარეთ მიმდინარე მწვავე საპროტესტო აქციებს და შესაბამისად მოსახლეობის მობილობას.
„ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა შექმნილი ძალიან მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საპროტესტო აქციების ორგანიზების პროცესში უზრუნველყონ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი ყველა წესის და შეზღუდვის განუხრელად დაცვა, რაც შეამცირებს ზიანს ადამიანების ჯამრთელობისა და სიცოცხლის მიმართ.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოში მცხოვრებ ყველა პირს განუხრელად შეასრულონ ის მოთხოვნები და რეკომენდაციები, რომელიც უკავშირდება კარანტინს და თვითიზოლაციას; ასევე პირბადით სწორად სარგებლობას, მათ შორის, უკვე ღია სივრცეებში, ჰიგიენური წესების და სოციალური დისტანციის დაცვას, რაც დღესდღეობით ერთადერთი და ყველაზე ეფექტური გზაა საკუთარი და სხვა ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლების დასაცავად“,-აღნიშნულია განცხადებაში.