ევროკავშირს სჯერა საქართველოს სიძლიერისა და წარმატების, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა აჭარაში ვიზიტისას განაცხადა. ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
„ევროკავშირს სჯერა საქართველოს სიძლიერისა და წარმატების, რაც ასევე გულისხმობს ძლიერ და წარმატებულ აჭარას. სწორედ ამიტომ, ევროკავშირი საქართველოს განვითარების გზაზე მისი ყველაზე მტკიცე პარტნიორია 200–ზე მეტი პროგრამით ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა ეკონომიკური განვითარება და განათლება, ინსტიტუციური განვითარება, გარემოს დაცვა და ხალხთა შორის კონტაქტები.
ჩემთვის ძალზე სასიამოვნოა ულამაზეს აჭარაში სტუმრობა, დაწყებული ქედის მწვანე მთებიდან, სადაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას, გაგრძელებული ბათუმის ხმაურიანი ქუჩებით, სადაც ჩვენ ვეხმარებით საზღვაო სექტორს, ბიზნესს და ხელს ვუწყობთ ქალაქის გათანამედროვებას სუფთა ელექტროავტობუსების საშუალებით“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
ცნობისთვის, 19-21 მაისს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ევროკავშირის მიერ რეგიონისთვის გაწეული დახმარების წარმოსაჩენად აჭარაში იმყოფებოდა. ელჩი ჰარცელი შეხვდა ეკონომიკის და სოფლის განვითარების, ბიზნესის, მეწარმეობის მხარდაჭერის, გარემოს დაცვისა და სხვა სფეროებში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ბენეფიციარებს, აგრეთვე ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს.