ზურაბ აბაშიძე კარასინთან შეხვედრის შემდეგ: ყურადღება გავამახვილე უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი მოქალაქეების სასწრაფოდ გათავისუფლებაზე

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა,ზურაბ აბაშიძემ, რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, გრიგორი კარასინთან შეხვედრის შესახებ Europetime-თან ისაუბრა.

„უმთავრესად ვისაუბრეთ ჩვენი დღის წესრიგით გათვალისწინებულ თემებზე, ეს არის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო პრობლემატიკა, ჰუმანიტარული თემები. ვიდრე დღის წესრიგზე გადავიდოდით, ჩემი ინიციატივით, როგორც ადრე, ყურადღება გავამახვილე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რთულ ვითარებაზე, მათ შორის ჰუმანიტარული პრობლემების, ადამიანის უფლებების დარღვევის და უსაფრთხოების კუთხით. ყურადღება გავამახვილე უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი მოქალაქეების სასწრაფოდ გათავისუფლებაზე. ყველა ფორმატი უნდა გამოვიყენოთ, როგორც ადრე. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ჟენევის ფორმატში არსებობს ინსტრუმენტები. ასევე მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის, ორგანიზაციების ჩართულობა. იმედი მაქვს, რომ შედეგს მივაღწევთ. ყოველ შემთხვევაში ხაზი გავუსვით, რომ ამის გაკეთება აუცილებელია რაც შეიძლება სწრაფად. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატია მთავარი საქართველოს და რუსეთს შორის ამ საკითხების განსახილველად.

საკმაოდ დეტალურად გავიარეთ სავაჭრო-ეკონომიკური სტატისტიკა ამ 4 თვის განმავლობაში. ეს ერთადერთი ფორმატია, სადაც ეს პრობლემები განიხილება. ჩვენ არ გვაქვს საელჩოები, კონტაქტები, სადაც შესაძლებელი იქნებოდა უამრავი თემის განხილვა, რაც სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებთან არის დაკავშირებული და ტვირთბრუნვა საკმაოდ დიდია და ამ წინა წელთან შედარებით, ზრდა არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს გამოწვეულია იმით, რომ წინა წელს იყო ჩავარდნა პანდემიის შოკის გამო. ზოგადად, არის დინამიკა პანდემიისგან გამოწვეული ვარდნის გადალახვის. ვისაუბრეთ ასევე გარკვეულ ქონებრივ საკითხებზეც. ყაზბეგი-ლარსის მიმდებარე ტერიტორიებზე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაო, მოდერნიზება ხდება როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს მხარეს. ასევე, მისასვლელ გზებზეც მიმდინარეობს საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაო. ამასაც შევეხეთ და ითქვა, რომ ექსპერტების კონტაქტებია საჭირო ამ თვალსაზრისით. ასევე აღვნიშნეთ, რომ საჭიროა მუშაობის გაგრძელება 2011 წლის შეთანხმებასთან დაკავშირებით. ეს გახლავთ საბაჟო ადმინისტრირების და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის თაობაზე ხელმოწერილი შეთანხმება“, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინს ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვდა.

ცნობისათვის, ორ ქვეყანას შორის ორმხრივი პირდაპირი მოლაპარაკებების ფორმატი 2012 წლის ბოლოდან ამოქმედდა.

ზურაბ აბაშიძე კარასინთან შეხვედრის შემდეგ: ჩემი კოლეგისგან მოვისმინე, რომ უახლოეს პერსპექტივაში ავიამიმოსვლის აღდგენა არ არის მოსალოდნელი