ქალს, რომელიც COVID-19–ით ინფიცირებული მშობლების დახმარების გზებს ეძებდა, დედ–მამა გარდაეცვალა

ახალგაზრდა ქალს, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებული მშობლების დახმარების გზებს მათ შორის სოციალური ქსელის მეშვეობით ეძებდა, დედ–მამა გარდაეცვალა.

რამდენიმე დღის წინ მოქალაქე მარი კაკაურიძე “ფეისბუქში“ პირად გვერდზე წერდა, რომ კოვიდ–ინფიცირებული დედ-მამა ადგილების არარსებობის გამო, ვერც ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში ვერ მოათავსა, არადა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო:

„ორივე მშობლები მძიმედ კოვიდ–ინფიცირებული მყავს. რეანიმაცია ესაჭიროებათ! თუ ვინმე მყავდა ნაცნობი, ყველა შევაწუხე, „იქნებ ერთისთვის მაინც მიპოვოთ–მეთქი“ და ამ დრომდე არაფერია. იქნებ დამეხმაროთ და ერთის სიცოცხლე მაინც შემინარჩუნოთ! გემუდარებით“, - მიმართავდა გოგონა საზოგადოებას.

6 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ცოლ–ქმარი გარდაიცვალა.

როგორც კაკაურიძე ყვება, კლინიკა „ბოლონდში“ მამის მოთავსება შეძლო, თუმცა კლინიკიდან პაცენტი სამ დღეში გაწერეს და უთხრეს, რომ „ინფექცია არ ჰქონდა“.

ვინაიდან კაცის მდგომარეობა მძიმე იყო, ოჯახმა ის კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანა, სადაც მამაკაცი გარდაიცვალა.

რაც შეეხება დედას, კაკაურიძე ამბობს, რომ მას არც ტესტირება ჩაუტარეს, არც ჰოსპიტალიზაცია მიიჩნიეს საჭიროდ სასწრაფო დახმარების ექიმებმა და ქალი სახლში გარდაიცვალა.

„აღარ მყავს არც ერთი. გარდაცვალების შემდეგ ჩემთან არავინ მოსულა. ახლა მეც საავადმყოფოში ვარ“,– განუცხადა ახალგაზრდა ქალმა „ტვ პირველს“.

შეგახსენებთ, რომ გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების მორიგი რეკორდული დღიური ნამატი – 2 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 22 პაციენტი.