გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს საფრანგეთიდან საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ

ხვალ, 22 მაისს, 11:00 საათზე საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალს, საქართველოს ეროვნულ გმირს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს, გარდაცვალებიდან 50 წლის შემდეგ, საფრანგეთიდან სამშობლოში ჩამოასვენებენ.

ემიგრაციაში გარდაცვლილი ქართველი გენერლის პატივის მისაგებად ოფიციალური ღონისძიება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართება.

სამოქალაქო პანაშვიდები სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.

26 მაისს კი, გენერალ გიორგი კვინიტაძეს მთაწმინდაზე, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გვერდით დაკრძალავენ.

რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დროს, მთავარსარდალმა კვინიტაძემ მცირე ძალებით გადაწყვიტა თბილისის დაცვა. თავდაცვის სექტორების ჩამოყალიბების შემდეგ მან დედაქალაქზე რამდენიმე შტურმიც მოიგერია. ემიგრაციაში, კონკრეტულად კი საფრანგეთში, რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, მთავრობისა და სარდლობის წარმომადგენლებთან ერთად წავიდა. ის ქვეყნის ისტორიაში დარჩა, როგორც ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი გენერალი.