პარლამენტის ორმა კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

ადამიანის უფლებების დაცვისა და საპროცედურო საკითხთა და წესების გაერთიანებულმა კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის მიხედვით საარჩევნო კოდექსში არაერთი ცვლილება ხორციელდება. კერძოდ, არჩევნებზე შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე ავტომატურად გადაითვლიან უბნების 10%-ს. იცვლება ცესკო-ს დაკომპლექტების წესიც. ცესკო-ს 8 პროფესიული და 9 პარტიული ნიშნით დანიშნული წევრები ეყოლება. ცესკო-ს თავმჯდომარეს ეყოლება 2 მოადგილე, რომელთაგან ერთი ოპოზიციის მიერ იქნება შერჩეული. იცვლება ასევე საოლქო და საუბნო კომისიების დაკომპლექტების წესიც და ამასთან დაკავშირევით ცესკო გადაწყვეტილებებს ხმათა 2/3- ით მიიღებს. ცვლილება ეხება როგორც ცესკოს, ასევე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობასაც, თითოეულ შემთხვევაში წევრთა რაოდენობა იქნება არაუმეტეს 17 წევრისა.

ამასთან, ცვლილებების პროექტით, კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა იკრძალება. გარდა ამისა, იზრდება საჩივრის შეტანის ვადებიც და საჩივრის შეტანა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი. ცესკოს თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილესა და ცესკო-ს მდივანს არ ექნებათ უფლება საჩივარი დატოვონ განუხილველად.