საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან სამშობლოში ჩამოასვენეს.
ემიგრაციაში გარდაცვლილი ქართველი გენერლის პატივის მისაგებად ოფიციალური ღონისძიება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და გენერლის ოჯახის წევრები დაესწრნენ.
წითელი ხალიჩის გასწვრივ განლაგებული საპატიო ყარაულის წარმომადგენლები გენერლის ნეშტს საქართველოს სახელმწიფო და პირველი რესპუბლიკის დროშებით დახვდნენ. სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ დამსწრე პირებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გენერალ კვინიტაძის ხსოვნას.
აეროპორტიდან გენერლის ნეშტს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც 26 მაისამდე სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს გენერალ გიორგი კვინიტაძეს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გვერდით დაკრძალავენ.