აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მზად არის ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს გარკვეული პირობების გათვალისწინებით შეხვდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ABC ავრცელებს.
როგორც თეთრი სახლის ლიდერმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტ მუნ ჯე ინთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ის კიმ ჩენ ინს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეხვდება, თუ მათი შეხვედრის ფარგლებში განსახილველი საკითხები წინასწარ იქნება განსაზღვრული.
როგორც ბაიდენმა აღნიშნა, მის მიზანს ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ არსენალთან დაკავშირებული საკითხების განხილვა წარმოადგენს.
„მე არ გავიმეორებ იმას, რაც წარსულში მოხდა. არ მივცემ კიმ ჩენ ინს იმას, რასაც ის ეძებს - საერთაშორისო აღიარებას და ლეგიტიმური მმართველის სტატუსს. იმისათვის, რომ შეხვედრა შედგეს, თეთრმა სახლმა ზუსტად უნდა იცოდეს, რა იქნება განხილული“, - განაცხადა ბაიდენმა.