Facebook-ი, გასულ თვეს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში არაავთენტური, კოორდინირებული ქცევის გამო ანგარიშების წაშლის თაობაზე, განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სოციალური ქსელიდან დაიბლოკა ალტ-ინფო. ასევე წაიშალა 2 პოლიტიკურ პარტიასთან, პარტიოტთა ალიანსთან და ქართულ არჩევანთან დაკავშირებული გვერდები.
"ჩვენ წავშალეთ 50 ანგარიში, 49 გვერდი, 4 ჯგუფი, 8 ღონისძიება და ინსტაგრამის 19 ანგარიში, რომელიც დაკავშირებული იყო ალტ-ინფოსთან. ისინი მოქმედებდნენ საქართველოში და სამიზნეს ადგილობრივი მომხამარებლები წარმოადგენდნენ. ამჟამად ალტ-ინფო Facebook-ზე აკრძალულია. ეს ქსელი აღმოვაჩინეთ რეგიონში არაავთენტური კოორდინირებული ქმედებების გამოძიებისას. შეფასებისას გამოვიყენეთ არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ის ანგარიშები". - ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ ანგარიშებს:
"ჩვენ წავშალეთ 54 ანგარიში, 14 გვერდი, 2 ჯგუფი და ინსტაგრამის 21 ანგარიში, რომლებიც დაკავშირებული იყო 2 ქართულ პოლიტიკურ პარტიასთან - პატრიოტთა ალიანსთან და ქართულ არჩევანთან. ისინი საქართველოში მოქმედებდნენ და სამიზნეს ადგილობრივი აუდიტორია წარმოადგენდა. ეს ქსელი აღმოვაჩინეთ ISFED-ის და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო საზოგადოების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშების განხილვის შედეგად". - ვკითხულობთ განცხადებაში.