"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, პარტიას პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე პოზიცია თვის ბოლოს ექნება ჩამოყალიბებული. ამის შესახებ მან უკრაინაში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მელია მიიჩნევს, რომ მან სწორი არჩევანი გააკეთა, როდესაც საპატიმროს დატოვების შემდეგ არ მიიღო ნაჩქარევი გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით:
"გათავისუფლების დღიდან ყველასთვის ცნობილია, ვთქვი, რომ დამჭირდება გარკვეული დრო და ეს გარკვეული დრო შეიძლება იყოს ორი კვირა, შეიძლება, ოცი დღე. ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთე, მეგობრებთან ერთად, რომ არ ვიჩქარე. პირველ რიგში, პატივისცემის ღირსი არის ყველა ჯგუფი, ვინც ბლოკი "ნაციონალური მოძრაობის" ფარგლებში არის გაერთიანებული.
სამი თვე, როდესაც არ მქონია შესაძლებლობა მათთან ურთიერთობის, ვინმეს თუ ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ მე გამოსვლისთანავე სამ დღეში ან მეორე დღესვე განცხადებას გავაკეთებდი კონკრეტულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, უბრალოდ მიმაჩნია, რომ არასწორად ავითარებდნენ მათ მოსაზრებას. ეს რომ გამეკეთებინა, მერწმუნეთ, ძალიან გაუმართლებელი პოლიტიკური ნაბიჯი იქნებოდა ჩემი მხრიდან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუნდაც ციხეში ყოფნის დროს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, არ მქონდა ჩამოყალიბებული პოზიცია პარლამენტში ბრძოლის გაგრძელება თუ არგაგრძელებასთან დაკავშირებით. მქონდა, მაგრამ ეს პერიოდი დიახაც, ამისთვის გამოვიყენე… მე ვფიქრობ, რომ თვის ბოლოსთვის ჩვენ უკვე მზად გვექნება ის გადაწყვეტილება, რომელიც მისაღებია", - განაცხადა ნიკა მელიამ.
როგორც მელიამ განმარტა, მნიშვნელოვანი იყო მასსა და მიხეილ სააკაშვილს შორის ყოფილიყო ურთიერთგაგება. მისი თქმით, ის და სააკაშვილი ყველა ფუნდამენტურ საკითხზე თანხმდებიან. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ენმ-ის თავმჯდომარემ თქვა, რომ უკვე დღეიდან, 22 მაისიდან დაიწყებს შეხვედრებს პარტიის წევრებთან და ასევე გეგმავს რეგიონებში ვიზიტსაც.