ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის სამკურნალოდ 68 კლინიკაში 5 116 საწოლია მობილიზებული

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის სამკურნალოდ 68 კლინიკაში 5 116 საწოლია მობილიზებული.

როგორც ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ ეტაპზე სულ 7 267 ათასი საწოლის მობილიზების რესურსი არსებობს. ამასთან. მისი თქმით, საყურადღებოდ რჩება სამედიცინო პერსონალის მობილიზება.

„დღეს კლინიკაში განთავსებული გვყავს 4 223 ადამიანი, რომელიც მკურნალობას გადის. 359 ადამიანი იმყოფება ტრიაჟში და ამ ეტაპისთვის კოვიდისთვის მობილიზებული საწოლფონდი 68 კლინიკაში არის 5 116 საწოლი, თუმცა ამ კლინიკების ბაზაზე დამატების გარეშე გვაქვს რესურსი 7 267 საწოლის მობილიზების. ჯანდაცვის სამინისტრო კვლავ მუშაობს იმასთან დაკავშირებით, რომ გაიზარდოს საწოლფონდის მოცულობა და ასევე კლინიკების ჩართულობა კოვიდში, მაგრამ ყველაზე საყურადღებოდ რჩება ადამიანური რესურსი. ყველაზე კრიტიკულია სწორედ სამედიცინო პერსონალის მობილიზება. ჩვენ გავატარეთ არაერთი ღონისძიება, რომელიც საკმაოდ გვეხმარება პაციენტების მართვაში, ესენი არიან ჩვენი სტუდენტები, რომლების გადამზადებაში კოვიდის მიმართულებაში ჯანდაცვის სამინისტროს დაეხმარება განათლების სამინისტრო, რისთვისაც მინდა მათ მადლობა გადავუხადო. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ სტუდენტს, რომელთაც მოხალისედ გამოხატეს მზაობა და ჩაერთნენ უხილავ მტერთან ბრძოლაში. ისინი გადანაწილებული არიან როგორ კლინიკურ სექტორში, ასევე აქტიურად არიან ჩართული იმ ორი ონლაინ კლინიკის შემთხვევების მართვაში, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ფრთის ქვეშ შეიქმნა რამდენიმე კვირის წინ“,- განაცხადა ტიკარაძემ.