აქციები დასტაბილურებულ სიტუაციას კვლავ რისკის ქვეშ აყენებს - ჯანდაცვის მინისტრი

აქციები დასტაბილურებულ სიტუაციას კვლავ აყენებს რისკის ქვეშ. სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც ადამიანებს მოვუწოდებთ, ნუ დაარღვევენ იმ წესებს, რომელიც მოწოდებულია,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, როგორც ტიკარაძე აცხადებს, ინფიცირების მაჩვენებელმა 1.79-დან 1.26-მდე დაიკლო და ეს კოეფიციენტი დასტაბილურდა.

„ოქტომბერში, სანამ ჩვენ არ გვყავდა გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი, რომელსაც დღეს ვაანონსებთ, ჩვენი ინფექციის მაჩვენებლის კოეფიციენტი აღემატებოდა 1.79-ს, მას შემდეგ, რაც მოვუწოდეთ მოქალაქეებს და რიგ ადგილებში სავალდებულოც გავხადეთ პირბადე, ასევე დისტანციური მუშაობა, კოეფიციენტმა მნიშვნელოვნად დაიკლო, დავასტაბილურეთ კოეფიციენტის მაჩვენებელი და ის გახდა 1.26. ეს არის ძალიან კარგი შედეგი იმ მინიმალური აქტივობებით და ეფექტიანი მუშაობით, რომელიც განვახორციელეთ“,- განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, მზადაა ოპოზიციასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს და მოუწოდებს მათ, პირადი ინტერესები ბოროტად არ გამოიყენონ.

„ჩვენ ოპოზიციასთან მიმართებაში მზად ვართ დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, ეს მნიშვნელოვანია. ნებისმიერი მოლაპარაკება და შეთანხმება შეიძლება მოხდეს ბევრად უფრო ცივილურად და ეფექტურად, არ გამოვიყენოთ ბოროტად ჩვენი ემოციები და პირადი ინტერესები. არ გავავრცელოთ ინფექცია ქვეყანაში. ეს არის დღეს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ამოცანა“, - განაცხადა ეკა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღეა რაც ოპოზიციური პარტიების ლიდერები, მათი მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები დედაქალაქის მასშტაბით აქციებს მართავენ. აქციის მონაწილეები ცესკოს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.