პაატა იმნაძე: დღეს 125 ინფიცირებულიდან, ერთი იღუპება

„დღეს 125 ინფიცირებულიდან ერთი იღუპება, რამდენი 125-იც მეტი იქნება, იმდენად მეტი დაიღუპება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ ვართ ისეთ პერიოდში, როდესაც, რატომღაც, ყოველგვარი შეზღუდვა აღიქმება პოლიტიკური აქტივობის შეზღუდვად. ამ დროს, ყველაფერი კეთდება ისე, რომ აღქმაშიც არ იყოს ვინმესთვის პოლიტიკურ შეზღუდვებთან კავშირი. ჩვენ ამ გზით უნდა ვიაროთ. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა არ არის ისეთი ძლიერი, რომ მკაცრი შეზღუდვები კიდევ დავაწესოთ, ამიტომ ამ დანის პირზე გვიწევს სიარული - აქეთ შეზღუდვები და თან, ქვეყანაში ეკონომიკის ფუნქციონირება. იმედია, ჩვენი მოსახლეობა გაითვალისწინებს იმასაც, რომ რეალობა ასეთია: დღეს 125 ინფიცირებულიდან ერთი იღუპება. რამდენი 125-იც მეტი იქნება, იმდენად მეტი დაიღუპება“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 2775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3560 გამოჯანმრთელდა, 22 გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი საქართველოში 2020 წლის, 26 თებერვალს გამოვლინდა.

პანდემიის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე, ჩინეთმა, 21 იანვარს დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. ჩინეთში ეპიდემია 2019 წლის დეკემბერში დაიწყო