„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი რესურსები სწორად იყოს გამოყენებული. ნამდვილად მეამაყება, რომ ჩემი მინისტრობის პერიოდში ყველაზე მეტი ჰიდროელექტროსადგური აშენდა, რაც ქვეყნისთვის ძალიან კარგია“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ნამახვანჰესთან დაკავშირებულ აქციაზე კომენტირებისას. კახა კალაძის თქმით, ეს პროექტი მისი მინისტრობის დროს რომ ყოფილიყო, უკვე აშენებული იქნებოდა.
„რაც შეიძლება ბევრი ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენდეს ქვეყანაში, მაქსიმალურად რაციონალურად უნდა იყოს გამოყენებული ის რესურსები, რომლებიც ქვეყანას გააჩნია, რათა არ ვიყოთ დამოკიდებული რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან შემოტანილ ელექტროენერგიაზე. ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ცუდია იმ თვალსაზრისით, რომ აისახება ჩვენს ჯიბეებზე, რადგან გვიწევს მაღალი ტარიფების გადახდა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი რესურსები სწორად იყოს გამოყენებული. ნამდვილად მეამაყება, რომ ჩემი მინისტრობის პერიოდში ყველაზე მეტი ჰიდროელექტროსადგური აშენდა, რაც ქვეყნისთვის ძალიან კარგია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისში ნამახვანჰესთან დაკავშირებული აქციის ორგანიზატორებმა გუშინ განაცხადეს, რომ დღეს, 12:00 საათამდე მათი მოთხოვნები თუ არ დაკმაყოფილდება, დედაქალაქის პარალიზებას მოახდენენ.
,,ნამახვანჰესის" მოწინააღდეგეებმა რესპუბლიკის მოედანზე კარვებიც გაშალეს.