დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის მართვაში შესაძლოა, სტომატოლოგებმაც მიიღონ მონაწილეობა.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, სტომატოლოგებს შესაბამისი განათლება აქვთ და შეიძლება მიიღონ მონაწილეობა კორონავირუსის მართვის პროცესში.
„სტომატოლოგები, რომლებიც ბევრნი არიან ქვეყანაში, აქვთ შესაბამისი სამედიცინო განათლება, მათ ნასწავლი აქვთ საგნები სამედიცინო ინსტიტუში, კარგად იციან ადამიანის ჯანმრთელობის მონაცემები და შეუძლიათ გამოყენებული იყოს კორონავირუსის მართვაში. ასევე მე-4 დამე-5 კურსის სტუდენტებს, რომელთაც ძირითადი კლინიკური საგნები აქვთ გავლილი, შეიძლება ამ პერიოდში იმუშაონ. საჭიროა ქვეყანაში ამ ტიპის მოძრაობა “, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მართვის პროცესში პენსიონერი ექიმების ჩართვასაც გეგმავს.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, პენსიონერი ექიმები აღნიშნულის მზადყოფნას გამოთქვამენ. ტიკარაძის განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტრო უკვე დაუკავშირდა პენსიონერ ექიმებს და მათ რესურსს სახელმწიფო აქტიურად იყენებს.
„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პენსიონერი ექიმების ჩართულობა. მათი მხრიდანაც გვაქვს ჩვენ გამოხმაურება და სპეციალური ბაზებით, რომელიც რეგულირების სააგენტოში არის, მოვიძიეთ მათი საკონტაქტო ინფორმაცია და მათი მხრიდან არის მზაობა, შესაბამისად, მათი რესურსი აქტიურად არის გამოყენებული სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს კიდევ დამატებითი მობილიზება ყველა იმ სხვა პროფილის ექიმებისა, რომლებიც ფლობენ შესაბამის უნარ-ჩვევებს და შეუძლიათ პაციენტების მართვა,“ – განაცხადა ტიკარაძემ.