ამერიკელი და ევროპელი დიპლომატები: Ryanair-ის თვითმფრინავის დასაკავებლად მოიერიშე თვითმფრინავის გამოყენება მეკობრეობაა

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბობ მენდესი, ჩეხ, ლატვიელ, ლიეტუველ, გერმანელ, ირლანდიელ პოლონელ და ბრიტანელ კოლეგებთან ერთად ბელარუსიელი ჟურნალისტის დაკავების საქმეს ეხმაურება. მათი შეფასებით, Ryanair-ის თვითმფრინავის დასაკავებლად მოიერიშე თვითმფრინავის გამოყენება მეკობრეობაა

„ერთმნიშვნელოვნად ვგმობთ ბელარუსის საჰაერო სივრცეში სამოქალაქო თვითმფრინავის წინააღმდეგ ძალადობის საფრთხეს. NATO-სა და ევროკავშირის ორ ქვეყანას შორის მოძრავი Ryanair-ის სამოქალაქო თვითმფრინავის დასაკავებლად მოიერიშე თვითმფრინავის გამოყენება მეკობრეობაა. მოვუწოდებთ საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციას, დაუყოვნებლივ ჩაატაროს გამოძიება ქვეყნებს შორის თავისუფალი ტრანზიტის აშკარა დარღვევისა და თვითმფრინავისთვის საფრთხის შემქნის ფაქტზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოძიების დასრულებამდე ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლა უნდა აიკრძალოს, რადგან მინსკის ამჟამინდელი ადმინისტრაცია პატივს არ სცემს მოქალაქეების უსაფრთხოებას.კანონმდებლები NATO-სა და ევროკავშირის ქვეყნებს ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ. საერთაშორისო ფრენებისთვის საჰაერო სივრცის დაკეტვა ასევე მოითხოვა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარ რინკევიჩსმა.