Ryanair - ის აღმასრულებელი დირექტორი: სავარაუდოდ, KGB-ის აგენტები იმყოფებოდნენ თვითმფრინავში, რომელიც კვირას მინსკში იძულებით დასვეს

Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ ბელარუსის KGB-ის აგენტები იმყოფებოდნენ თვითმფრინავში, რომელიც კვირას მინსკში „გადაამისამართეს“. მაიკლ ო’ლირიმ თქვა, რომ ”როგორც ჩანს, ხელისუფლების მიზანი იყო ჟურნალისტისა და მისი თანმხლები პირის მოშორება.

მან თვითმფრინავის ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა.

Ryanair-ის ხელმძღვანელმა განმარტა,რომ პილოტებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა რეისი უსაფრთხოდ დასრულებულიყო. მისივე თქმით, „აშკარაა, რომ ხელისუფლების მიზანი იყო ჟურნალისტისა და მისი თანმხლები ქალის დაკავება“. ის ასევე მიიჩნევს, რომ თვითმფრინავში ბელარუსის KGB-აგენტები იმყოფებოდნენ.

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბობ მენდესი, ჩეხ, ლატვიელ, ლიეტუველ, გერმანელ, ირლანდიელ პოლონელ და ბრიტანელ კოლეგებთან ერთად ბელარუსიელი ჟურნალისტის დაკავების საქმეს ეხმაურება. მათი შეფასებით, Ryanair-ის თვითმფრინავის დასაკავებლად მოიერიშე თვითმფრინავის გამოყენება მეკობრეობაა.

„ერთმნიშვნელოვნად ვგმობთ ბელარუსის საჰაერო სივრცეში სამოქალაქო თვითმფრინავის წინააღმდეგ ძალადობის საფრთხეს. NATO-სა და ევროკავშირის ორ ქვეყანას შორის მოძრავი Ryanair-ის სამოქალაქო თვითმფრინავის დასაკავებლად მოიერიშე თვითმფრინავის გამოყენება მეკობრეობაა. მოვუწოდებთ საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციას, დაუყონებლივ ჩაატაროს გამოძიება ქვეყნებს შორის თავისუფალი ტრანზიტის აშკარა დარღვევისა და თვითმფრინავისთვის საფრთხის შემქნის ფაქტზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოძიების დასრულებამდე ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლა უნდა აიკრძალოს, რადგან მინსკის ამჟამინდელი ადმინისტრაცია პატივს არ სცემს მოქალაქეების უსაფრთხოებას.კანონმდებლები NATO-სა და ევროკავშირის ქვეყნებს ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ. საერთაშორისო ფრენებისთვის საჰაერო სივრცის დაკეტვა ასევე მოითხოვა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარ რინკევიჩსმა.