ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო Belta-ს ინფორმაციით, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელი მოაწერა დოკუმენტებს, რომლის მიხედვითაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და მასობრივი ღონისძიებების გამართვის კანონში ცვლილებები შეიტანა.
ლუკაშენკომ არასანქცირებული მიტინგების პირდაპირ ეთერში გაშუქება აკრძალა.
Belta-ს ინფორმაციითვე, ლუკაშენკოს მიერ ხელმოწერილი კანონის მიხედვით, მასობრივი ღონისძიებების გამართვა დაშვებული იქნება მხოლოდ ადგილობრივი მთავრობის თანხმობით.
როგორც კანონშია განმარტებული, ეს აკრძალვა გამორიცხავს უკანონო შეკრებების პოპულარიზაციას და პროპაგანდას. ამავე კანონით, ჟურნალისტებს ეკრძალებათ მასობრივი ღონისძიებების ორგანიზება ან მიტინგებში მონაწილეობა.
როგორც სააგენტო წერს, პრეზიდენტმა ასევე დაამტკიცა ცვლილებები ელექტრონული კავშირების შესახებ კანონში, რაც შესაძლებლობას მისცემს ბელარუსის მთავრობას, დაბლოკოს სატელეკომუნიკაციო ქსელების მუშაობა, თუ არსებობს სიტუაცია, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას.
ადგილობრივი ხელისუფლება და შინაგან საქმეთა ორგანოები უფლებამოსილნი არიან შეაჩერონ ინფრასტრუქტურის (სავაჭრო ობიექტები, კვების ობიექტები, ტრანსპორტი, ბაზრობები, საკუთრების ყველა ფორმის ორგანიზაცია) საქმიანობა იმ ადგილებში, სადაც ტარდება საზოგადოებრივი ღონისძიებები და მათი მონაწილეების მარშრუტების გასწვრივ.
კანონის ძირითადი დებულებები მისი ოფიციალური გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ ამოქმედდება