ივნისის შუა რიცხვებში საქართველო Сovax პლატფორმის საშუალებით Astrazeneca-ს 43 ათას დოზას მიიღებს. ამასთან, ქვეყანაში ნახევარ მილიონი დოზა Sinopharm-ი ივნისის მეორე ნახევარში შემოვა, ყველაზე გვიან, ივლისის პირველი რიცხვები“ - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განცხადა.
Сovax პლატფორმის საშუალებით მესამე და მეოთხე კვარტალში საქართველო ასევე მიიღებს 1 400 000-მდე დოზა ვაქცინას.
„ასევე, საერთაშორისო წითელი ჯვარი გვაჩუქებს 100 ათას დოზა Sinopharm-ს“, თუმცა აქ თარიღი ჯერ ცნობილი არ არის. ეს ზაფხულში განხორციელდება. მოლაპარაკება მიმდინარეობს მილიონ დოზა Pfizer-ზე და უკვე კონტრაქტი ფორმდება, სადაც საუბარია მესამე კვარტალში მილიონი დოზის მიღებაზე. ამიტომ მესამე კვარტალში, დიდი ალბათობით, Сovax -ი მოგვაწვდის საკმაო რაოდენობა ვაქცინებს“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე ინფორმაციით, Сovax პლატფორმაზე განთავსდება ასევე Johnson&Johnson-ი და Novavax-ი. მოლაპარაკებები მიმდინარეობს Moderna-სთან.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 798-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში ვაქცინაცია 113 000-მა მოქალაქემ გაიარა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 337 961 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 319 956, გარდაიცვალა 4 639 პაციენტი.
საქართველოში ვაქცინაცია Oxford/Astrazeneca-ს პროდუქციით 15 მარტს დაიწყო. ქვეყანაში ვაქცინაცია ასევე მიმდინარეობს Pfizer-ით, Sinopharm-ით და Sinovac-ით.