ნათია თურნავა ახალ მოადგილეზე: მარიამ ქვრივიშვილი ტურიზმის მიმართულებით ჩვენი საყრდენი იქნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ მარიამ ქვრივიშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ინოფრმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ცნობილია, მარიამ ქვრივიშვილი სამინისტროში ტურიზმის, ავიაციისა და კურორტების განვითარების მიმართულებებს უხელმძღვანელებს.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა მის მოადგილედ მარიამ ქვრივიშვილის დანიშვნაზე აცხადებს, რომ ის სამინისტროში ტურიზმის მიმართულებით მოქმედ გუნდს გააძლიერებს.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრმა ის მიმართულებები დაასახელა, რაზეც ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი და არჩევნების შემდეგ დეპუტატი მარიამ ქვრივიშვილი მინისტრის მოადგილის პოზიციაზე იმუშავებს.

"ჩვენ მაქსიმალურად ვაძლიერებთ გუნდს. ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება მარიამ ქვრივიშვილის ჩემს მოადგილედ დანიშვნის შესახებ. ის თავისი გამოცდილებით, პროფესიონალიზმით, კრეატიულობით და მონდომებით ტურიზმის მიმართულებით ჩვენი საყრდენი იქნება, იმუშავებს ტურიზმის ახალ პოლიტიკაზე, იმიტომ რომ პანდემიის შემდეგ განახლებული პოლიტიკა გვჭირდება, ახალ პროექტებზე და ტურიზმის აღდგენაზე. ვაგრძელებთ იმ გუნდის გაძლიერებას, რომელიც დღეს ტურიზმის მიმართულებით მუშაობს და მომავალში სიახლეებსაც მოგახსენებთ", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ცნობისთვის, მარიამ ქვრივიშვილი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრია. ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე იგი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ასევე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი იყო. მისი შრომითი საქმიანობა ასევე უკავშირდება ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას (PACE) და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას (EURONEST PA).